Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიცვლება ერთი „სუპერ პუმა“ სამ ვერტმფრენში?


სანამ ბორჯომის ტყეში ხანძარს თურქული ვერტმფრენების დახმარებით ებრძოდნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 9 წლის წინანდელ  პირობას იმეორებდა - გავყიდით სააკაშვილის დროს „ფუფუნებისთვის“ ნაყიდ „სუპერ პუმას“ და მის ნაცვლად 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთო.

სამი ერთის ფასად?

სუპერ პუმები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში, 2010 წელს შეიძინეს, მათივე მტკიცებით, „სამხედრო გამოყენებისთვის“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ამბობდა, რომ ისინი სამხედრო მიზნებისთვის არ გამოდგება და სააკაშვილმა საკუთარი ფუფუნებისთვის შეიძინა. თავად სააკაშვილის თქმით, ფრანგული წარმოების „სუპერ პუმების“ შეძენას რუსეთი ეწინააღმდეგებოდა და სწორედ ამიტომ გაფორმდა ოფიციალურად, როგორც სამოქალაქო დანიშნულების

„ვერ ვყიდით, ბატონო და თუ გავყიდით, გავყიდით“, - ამბობდა 2013 წელს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი „ოცნებიდან“ გიორგი კვირიკაშვილი.

2017 წელს შსს-ში ამბობდნენ, რომ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, ერთ-ერთი „სუპერ პუმის“ სამ სამაშველო ტიპის ვერტმფრენზე გადასაცვლელად.

ახლა ჯერი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზეა. ის ამბობს, რომ რამდენიმე ათეულ მილიონ ევროდ ნაყიდ „სუპერ პუმებს“ უკან დაუბრუნებენ მწარმოებელს და მის ფასად სამ ახალ ვერტმფრენს შეიძენენ.

რა ფასად ცდილობს მთავრობა „სუპერ პუმის“ გაყიდვას? საკმარისია თუ არა 10 წლის წინ ნაყიდი ერთი „სუპერ პუმის“ გაყიდვისგან მიღებული თანხა 3 ახალი ვერტმფრენის შესაძენად? თუ კი 2013 წელს ვერ გაყიდეს ვერტმფრენი რატომ გაყიდიან 2022 წელს? ამ კითხვებზე რადიო თავისუფლებამ პასუხი სახელმწიფო უწყებებისგან ვერ მიიღო.

„აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროსგან მიღებულ მოკლე ოფიციალურ ტექსტურ შეტყობინებაში.

„ამას გავყიდი, იმას ვიყიდი, ეს არის თამაში. მთავარია იყიდონ და როგორ, ამას არ აქვს მნიშვნელობა“, – ამბობს მოხალისე სამთო მაშველთა ასოციაციის დირექტორი, მამუკა ნიკოლაძე. ის წლებია, ცდილობს დაარწმუნოს ხელისუფლება სამაშველო ვერტმფრენების აუცილებლობაში, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურს ის დღემდე არ ჰყავს.

კატასტროფები სამაშველო ვერტმფრენის გარეშე

2021 წლის ბოლოს სასაზღვრო პოლიციას 12 შვეულმფრენი და 2 თვითმფრინავი ჰყავდა, მათ შორის, ორი MИ-8. ამ ვერტმფრენებს ყველაზე ხშირად იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით - საზღვრის კონტროლის და მესაზღვრეების ტრანსპორტირებისთვის; ხანძრების ჩასაქრობად და მთაში ჩარჩენილების გამოსაყვანად.

ჯერ კიდევ 2017 წელს, როცა ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანის და თურქეთის დაეხმარება დაჭირდა პირველად დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლება დახმარებას აგვიანებს. იგივე განმეორდა, 2020 წელს, როცა შატილის გზაზე მიკროავტობუსი ხევში გადაიჩეხა. ავტომობილით რამდენიმე საათში ადგილზე მისულ მაშველებს და სასწრაფოს ექიმებს 20 მგზავრიდან ცოცხალი მხოლოდ სამი დახვდათ.

საქართველოს სამთო ტურიზმის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო იმატებს საგანგებო შემთხვევების რაოდენობაც. მხოლოდ მყინვარწვერზე ერთ სეზონზე საშუალოდ 200-250 გაუთვალისწინებელი შემთხვევა ხდება, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი სამაშველო ოპერაცია. ქართული სამაშველო სამსახური კი, ვერტმფრენის არქონის გამო, დასახმარებლად დაგვიანებით და იშვიათად ერთვება.

2014 წელს, მყინვარწვერზე დაღუპული პოლონელი მთამსვლელის ცხედრის მოსაძებნად პოლონელების ჯგუფი ჩამოვიდა. მას შემდეგ ყოველ ზაფხულს ისინი ყაზბეგში მეტეოსადგურზე ატარებენ და მოხალისეობრივად, საკუთარი სამედიცინო ტექნიკითა და ვერტმფრენით ეხმარებიან მათ, ვისაც სჭირდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როცა მთავრობა „სუპერ პუმას“ გაყიდის, მის სანაცვლოდ იყიდის ისეთ ვერტმფრენებს, რომლებიც „გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც“.

ყველა, ვისაც ღრმა შეხება აქვს საგანგებო სიტუაციებთან და ვისაც ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა ამბობს, რომ აუცილებელია, სამაშველო სამსახურს ცალკე ჰყავდეს კატასტროფებზე გათვლილი სამაშველო ვერტმფრენი და ცალკე - ხანძრებისთვის.

თუ სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენი უფრო დიდია და აქვს წყლის ავზები, სამთო-სამაშველო არის შედარებით პატარა და გათვლილი მაღალ სიმაღლეზე საფრენად.

„მხოლოდ სამაშველო ვერტმფრენი ვერაფერს გადაწყვეტს. ოპერაციაში უნდა მონაწილეობდეს მთამსვლელი, ან ადამიანი, რომელსაც გამოცდილება აქვს სიმაღლეზე მუშაობის. პილოტს უნდა ჰქონდეს სპეციალური მომზადება და სერტიფიკატი“, - ამბობს მამუკა ნიკოლაძე და ამატებს: „1996 წლიდან ველაპარაკები ყველა მთავრობას და მათი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების უფროსებს. ერთი და იგივეა. უნდა იყიდონ და არ ყიდულობენ.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG