Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა დონალდ ტრამპს ბრალდებები წაუყენა. ტრამპი ამბობს, რომ „ეს მას აძლიერებს“


2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმის საგამოძიებო კომიტეტის სხდომა წარმომადგენელთა პალატაში
2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმის საგამოძიებო კომიტეტის სხდომა წარმომადგენელთა პალატაში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებს, რეკომენდაციით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ ოთხი მუხლით წაუყენოს ბრალი დონალდ ტრამპს.

პალატის კომიტეტის წევრების თქმით, ტრამპს ოფიციალური პროცედურისთვის ხელის შეშლის, ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ თაღლითობის მიზნით შეთქმულების, ცრუ ჩვენების მისაცემად შეთქმულებისა და შეიარაღებული ამბოხისთვის უნდა წაუყენონ ბრალი.

ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც სპეციალური კომიტეტი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების რეკომენდაციით გამოდის.

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მას უფრო აძლიერებს.

„ამ ხალხს არ ესმის, რომ როდესაც ისინი მე მდევნიან, ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება უყვართ, ჩემ გარშემო ერთიანდებიან. ეს მე მაძლიერებს. რაც არ მკლავს, კიდევ უფრო მაძლიერებს“, - აღნიშნა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

16 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის მომდევნო, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპმა მხარდამჭერებს ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციასთან მიმართა და უთხრა, რომ ამერიკის დაბრუნება ახლავე იწყება.

2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 600-ზე მეტი პირი.

XS
SM
MD
LG