Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW: რუსებმა ათასობით ექსპონატი მოიტაცეს ხერსონის მუზეუმებიდან


ხერსონის სამხატვრო მუზეუმი
ხერსონის სამხატვრო მუზეუმი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სამოქალაქო პირებმა, რომლებიც სამხედროთა ბრძანებით მოქმედებდნენ, რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ ხერსონიდან გასვლის წინ გაძარცვეს მინიმუმ ორი მუზეუმი, ტაძარი და სახელმწიფო არქივი და ათასობით ძვირფასი არტეფაქტი და ხელოვნების ნიმუში წაიღეს. ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

რუსეთის ჯარების უკან დახევის შემდეგ უფლებადამცველებმა მოინახულეს ხერსონის კულტურის დაწესებულებები და თანამშრომლებსა და მოვლენათა თვითმხილველებს ესაუბრნენ. მათი თქმით, ოკუპაციის უკანასკნელ დღეებში, ნოემბერში, რუსებმა სურათები, ძვირფასეულობა, რელიგიური ხატები და ისტორიული დოკუმენტები ავტომანქანებში ჩატვირთეს და ექსპონატები რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე გაზიდეს.

Human Rights Watch-ის თანამშრომლების თქმით, მათ ორ მუზეუმში ნახეს ძარცვის აშკარა კვალი. მათ შორის, სურათების ცარიელი ჩარჩოები, გატეხილი ყუთები და ვიტრინები, რომლებშიც საგამოფენო მასალა იყო გამოფენილი. სად იმყოფება ამჟამად სამუზეუმო ექსპონატები, უცნობია. უფლებადამცველების აზრით, მათი ნაწილი შესაძლოა ანექსირებულ ყირიმში გაიტანეს.

ხერსონის საოლქო მუზეუმში, რომელიც მხარეთმცოდნეობასა და ბუნებისმეტყველებაზეა სპეციალიზებული, მდივანი და დარაჯი მოჰყვნენ, რომ 24-26 ოქტომბრის პერიოდში იქ მივიდა რუსეთის 70-მდე წარმომადგენელი, შესაძლოა, ფსბ-ს თანამშრომლები. მათ ხელუხლებელი დატოვეს ფლორისა და ფაუნის კოლექცია, მაგრამ გაძარცვეს და წაიღეს თითქმის ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის ვერცხლი, სკვითების ოქრო, რუსეთის საიმპერატორო მედლები, ძველბერძნული ლარნაკები და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რელიკვიები.

Human Rights Watch-ის მიერ გამოკითხული მუზეუმის, ტაძრისა და არქივის თანამშრომლების სიტყვებით, რუსები მათ ეუბნებოდნენ, რომ სურთ ხელოვნების ნაწარმოებების, არტეფაქტებისა და ისტორიული დოკუმენტების დაცვა უკრაინის ძალების მხრიდან იერიშებისა და ძარცვისგან.

ხერსონში ძარცვა, როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის წარმომადგენელთა მხრიდან მაროდიორობის პირველი შემთხვევა არაა. თვითმხილველთა თქმით, რუსეთის ჯარებმა ორი ათასზე მეტი ექსპონატი გაიტანეს მარიუპოლის მინიმუმ სამი მუზეუმიდან - ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმიდან, ხალხური ყოფის მუზეუმიდან და კუინჯის სამხატვრო მუზეუმიდან.

უფლებადამცველები ახსენებენ ასევე ძვირფასეულობის გაზიდვას მელიტოპოლის მუზეუმიდან და ნოვაია კახოვკის ისტორიული მუზეუმიდან.

საერთაშორისო კანონმდებლობით, სამხედრო მოქმედებების დროს მუზეუმებისა და კულტურის დაწესებულებების ქონების ძარცვა, მითვისება ან ხელში ჩაგდება სამხედრო დანაშაულად კვალიფიცირდება.

Human Rights Watch-ი მიიჩნევს, რომ რუსეთის წარმომადგენელთა მოქმედება შეიძლება მიჩნეულ იქნეს ორგანიზებულ ოპერაციად, რომლის მიზანია უკრაინელებისთვის კულტურული მემკვიდრეობის წართმევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG