Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიდეო, რომელზეც „სპეცოპერაციის სამხედრო შტაბში“ მყოფი პუტინი ჩანს, დონის როსტოვში ყოფილა გადაღებული


რუსეთის ოფიციალური არხებით 16 დეკემბერს გავრცელებული ვიდეო, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართული შეიარაღებული ძალების ერთობლივ შტაბში" ყოფნაა ასახული, გადაღებულია დონის როსტოვში, სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბ-ბინაში. ასეთ დასკვნამდე მივიდა გამოცემა „სააგენტო“, რომელმაც პუტინის ვიზიტის ამსახველ ვიდეოში ნაჩვენები შტაბის ინტერიერი ამ შენობაში ადრე ჩატარებული ღონისძიებების ამსახველ ფოტოებთან შეადარა.

იმავე შენობაში აღმოჩნდა გადაღებული ნოემბრის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, როდესაც, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა "დაათვალიერა რუსეთის იმ ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სამეთაურო პუნქტი“, რომელიც უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციით" განსაზღვრულ დავალებებს ასრულებს.

მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა 16 დეკემბერს მთელი დღე გაატარა უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილე შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში. ოფიციალური არხებით გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით, პუტინთან ერთად იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და უკრაინაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაური სერგეი სუროვიკინი. კრემლს არ უთქვამს, კონკრეტულად სად შეხვდა პრეზიდენტი სამხედროებს.

შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად იმის დადგენა, თუ სად იყო პუტინი. ჩვეულებრივ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება საუბრობს "სპეცოპერაციის ზონაზე" (რუსეთის ოფიციოზი ასე უწოდებს უკრაინაში მიმდინარე ომს), ის გულისხმობს უკრაინის ტერიტორიას, ანექსირებული ყირიმის გამოკლებით.

ოფიციალურად, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედების ზონაში 10 თვის განმავლობაში არასოდეს ჩასულა.

XS
SM
MD
LG