Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არესტოვიჩი: საქართველო აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს


ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი
ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არსეტოვიჩი ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი „ნელა კვდება“.

თუ ის ციხეში მოკვდება, ყველა იტყვის, რომ მათ (საქართველოს ხელისუფლებამ. რედ.) მოკლეს, ეს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება - პროვოკაციების, მასობრივი არეულობის, რევოლუციის და ა.შ. დონემდე“, - მიიჩნევს არესტოვიჩი.

ის დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ მოსკოვის შიშით არ უშვებენ.

„ჩნდება კითხვა: ვისი ეშინიათ ასე? პასუხი ძალიან მარტივია, ვისიც მალე სომხეთსაც აღარ შეეშინდება ან უკვე აღარ ეშინია“.

არესტოვიჩის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთმა ქვეყანას „აურაცხელი უბედურება“ მოუტანა, საქართველო ახლა „აბსოლუტურად პრორუსულ კურსს“ ატარებს.

მანამდე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისას არესტოვიჩმა თქვა, რომ თბილისს სააკაშვილის მოკვლისაც ეშინია და მისი სხვისთვის გადაცემისაც, ამიტომ გადაწყვიტეს „ნელა მოკლან“.

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავს. გუშინ, 22 დეკემბერს, მესამე სხდომა გაიმართა. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც.

ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG