Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა


ანი წითლიძე, დეპუტატი
ანი წითლიძე, დეპუტატი

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანი წითლიძემ ექიმის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს. ანი წითლიძის მიერ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ერთობლივ ბრიფინგზე, რომელსაც ესწრებოდა ასევე დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

ბრიფინგზე ანი წითლიძემ მადლობა გადაუხადა ყველას გულშემატკივრობისთვის და ახსენა ისიც, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, პრეზიდენტსაც შეხვედროდა. მას არ დაუკონკრეტებია, როდის და სად შედგა ეს შეხვედრა.

"მე პირველივე დღიდან არ მქონდა იმედი, რომ ეს ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილზე და იმ ბოღმაზე, რომლითაც ცდილობს ხელისუფლება ამ 10 წლის განმავლობაში კვებოს. არის ზღვარი, სადაც ეს სიძულვილი უნდა გაჩერდეს.

მე მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან და მინდა, მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი - ჩვენ უნდა ვაშენოთ მეტი ხიდი და არა პირიქით...

მიშა უნდა გადარჩეს და იცოცხლოს. ბოდიში ყველას, ვინც განერვიულეთ ჩემი სიჯიუტით. მადლობა გულშემატკივრობისთვის. უდიდესი მადლობა ექიმებს, რომლებიც 24/7-ზე ზრუნავდნენ ჩემზე. მადლობა პარლამენტის აპარატს, რომელიც სრული შემადგენლობით თავს მევლებოდა. არანაირი დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები ყველგან, სადაც გამარჯვებას დასჭირდება", - თქვა ანი წითლიძემ.

ერთობლივი ბრიფინგი ანი წითლიძის შიმშილობის შეწყვეტის შესახებ
ერთობლივი ბრიფინგი ანი წითლიძის შიმშილობის შეწყვეტის შესახებ

საქართველოს პარლამენტის წევრი ანი წითლიძე 12 დღის განმავლობაში შიმშილობდა. დღეს დილით ექიმებმა განაცხადეს, რომ მოშიმშილე დეპუტატი სითხესაც კი შეზღუდულად იღებდა, რის გამოც ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იყო წონის მკვეთრი დეკომპენსაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს პარლამენტში.

16 დეკემბერს აქციის მონაწილეებს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია, რომელიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 23 დეკემბერს კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტეს აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG