Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მთავარი პროკურორი აფრთხილებს ქალებს, რომლებიც დაარღვევენ ჰიჯაბის ტარების კანონს


ირანის მთავარი პროკურორი მოჰამად ჯაფარ მონტაზერი
ირანის მთავარი პროკურორი მოჰამად ჯაფარ მონტაზერი

ირანის მთავარი პროკურორი აფრთხილებს ქალებს, რომ მათ "თავიანთი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გამო" უნდა დაიცვან ქვეყანაში მოქმედი, ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონი.

მოჰამად ჯაფარ მონტაზერის თქმით, შარიათის კანონმა და ისლამური რესპუბლიკის კანონებმა ჰიჯაბი სავალდებულოდ გამოაცხადეს ქალებისთვის. "ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჰიჯაბის ტარება პირადი საკითხია", - დასძენს ის.

მონტაზერიმ 25 დეკემბერს ასევე გამოაცხადა, რომ "ქვეყნის მტრების" პროპაგანდამ ქალებს უბიძგა დემონსტრაციებზე ჰიჯაბის გარეშე გასულიყვნენ და "აშკარა დანაშაული" ჩაედინათ.

ჰიჯაბი - მუსლიმი ქალების თავსაბურავი - საჯარო სივრცეში ირანელი ქალებისთვის 9 წლის ასაკიდან სავალდებულო გახდა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ბევრი ირანელი ქალი წლების განმავლობაში ამ წესს არღვევდა და აფართოებდა ოფიციალური პირების მიერ დასაშვებად გამოცხადებული სამოსის საზღვრებს. ირანის დიდი ქალაქების მცხოვრები ქალების მზარდი სურვილი, ჰიჯაბი აღარ ატარონ, აისახა ლონდონში დაფუძნებული ჯგუფის, Small Media-ს მიერ 13 დეკემბერს სპარსულ ენაზე გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებში. ჯგუფის თქმით, 17-21 ნოემბრის პერიოდში გამოიკითხა ინტერნეტის 5,582 მომხმარებელი ირანის 31 პროვინციიდან და ათიდან რვა ქალმა თქვა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰიჯაბის გარეშე გავიდა საჯაროდ.

მას შემდეგ, რაც 16 სექტემბერს დაიღუპა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი, ვრცელდება ცნობები ქვეყნის საპატიმროებში მომხდარ არეულობებზე. ამ არეულობების დროს დაღუპული ან დაშავებული პირების შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.

ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო დემონსტრაციებზე დააპატიმრეს ათასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, ადვოკატები, აქტივისტები, დიგიტალური უფლებების დამცველები და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა პირები.

კანონმდებლებმა მოითხოვეს კიდევ უფრო რადიკალური რეაქცია - გამოვიდნენ მომიტინგეების სასჯელის დამძიმების, მათ შორის სიკვდილით დასჯისკენ მოწოდებებით.

ხელისუფლების თანახმად, ბოლო პერიოდში შედგა სიკვდილით დასჯის ორი საჯარო აქტი, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასიკვდილო განაჩენი კიდევ ბევრს გამოუტანეს.

XS
SM
MD
LG