Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი ზელენსკის სთხოვს, არ წაართვას ტაძრები


ფოტო არქივიდან. კიევ-პეჩორის ლავრა
ფოტო არქივიდან. კიევ-პეჩორის ლავრა

კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტმა პაველ ლებედმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თხოვნით მიმართა, არ ჩამოართვას უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას, (УПЦ (МП) რომელსაც კიევი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულად მიიჩნევს, ლავრის ტერიტორიაზე არსებული ორი ტაძარი. შესაბამისი თხოვნით მიტროპოლიტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მიტროპოლიტის თქმით, შეატყობინეს, რომ მსახურება სატრაპეზოსა და მიძინების ტაძრებში ბოლოჯერ 31 დეკემბერსა და 1 იანვარს შეეძლებათ.

მიტროპოლიტი პაველ ლებედი ამბობს, რომ ის „30 წელზე მეტია ლავრის მეუფეა" და 220-კაციან საძმოსთან ერთად "მუდმივად ლოცულობს სახელმწიფოსა და ჯარისთვის და ცდილობს დაეხმაროს ყველა გაჭირვებულს".

მისივე თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტაძრების ქირის ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

მიტროპოლიტი პაველ ლებედი აღნიშნავს, რომ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრ ალექსანდრ ტკაჩენკოს მიმართა შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ მისგან პასუხი არ მიუღია.

ლავრის მეუფემ ზელენსკის მოუწოდა, დაარწმუნოს "ის ადამიანები, რომლებსაც ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვთ, არ მიუთითებდნენ, როდის უნდა აღვნიშნოთ შობა, არ მიუთითებდნენ, რომელ ეკლესიაში იარონ".

ისიც გვყოფნის, რომ მტერი ჩვენს ხალხს ურტყამს, გვყოფნის ის უბედურება და მწუხარება, როცა ხალხი სიცივესა და უშუქობაში შიმშილობს, ახლა კიდევ ხალხისთვის რწმენის წართმევა გინდათ? გინდათ ბოლო იმედი წაართვათ? ნუ იზამთ ამას. მიეცით მინისტრთა კაბინეტს ღირსეული განკარგულება, მიეცით პარტიას განკარგულება, რომ მათ ხელი არ მოაწერონ ამ უნიჭო დოკუმენტებს ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით, ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ, უფალმა ჩვენს ეკლესიაში დაგვტოვოს, ეკლესია ჩვენთვის და ჩვენს სახელმწიფოში“, - ამბობს ლებედი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც, კერძოდ, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მთავრობას ევალება მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი უკრაინაში რუსეთის ფედერაციაში გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

ნოემბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) არაერთ მონასტერში, მათ შორის კიევ-პეჩორის ლავრაში ჩაატარა „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები", რუსეთის სპეცსამსახურების "ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და აღსაკვეთად".

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (УПЦ) მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა 2022 წლის მაისში გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ УПЦ რჩება რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად. УПЦ-ს უთანხმოება აქვს უკრაინის მეორე მართლმადიდებელ ეკლესიასთან (ПЦУ), რომლის ავტოკეფალია 2019 წელს აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG