რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის 26 დეკემბრის ცნობით, ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს. რუსეთის სპეცსამსახურის თანახმად, ისინი უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრასა და „დივერსიულ-ტერორისტული აქტის“ ჩადენას გეგმავდნენ.
როგორც უკრაინული გამოცემა "ევროპეისკა პრავდა" წერს, რუსული მედიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებული ეს ინფორმაცია მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ, ევგენი კარასმა, დაადასტურა.
მან თავის ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ფოტოები, მათი ვინაობა და გამოთქვა ვარაუდი, რომ 4 უკრაინელი ჯარისკაცი დანაღმული ველზე აფეთქდა.
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინელი დივერსანტები საბრძოლო შეტაკების დროს დახოცეს. რუსეთის მხრიდან დანაკარგების შესახებ მოსკოვი არაფერს იუწყება. რუსული მხარის ცნობით, დივერსანტები შეიარაღებული იყვნენ უცხოური იარაღით, მათ შორის SIG Sauer-ის მარკის პისტოლეტ-ავტომატით, კავშირგაბმულობის და ნავიგაციური აღჭურვილობითა და ასევ 40 კგ-ის ტროტილის სიმძლავრის ოთხი ბომბით.
უკრაინულ მხარეს 4 მებრძოლის დაღუპვის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ბრიანსკის რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, საგამოძიებო პროექტ Insider-ის თანახმად, რუსეთში მკვეთრად გაიზარდა რკინიგზაზე ავარიების რაოდენობა. მათზე პასუხისმგებლობას იღებენ ჯგუფები, რომლებიც თავს პარტიზანებს უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ საბოტაჟის მიზანია, აღიკვეთოს ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე.