Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგი ბაქრაძის საქმეზე ექიმს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება


ფოტო არქივიდან: მეგი ბაქრაძე
ფოტო არქივიდან: მეგი ბაქრაძე

საქართველოს პროკურატურამ გამოიტანა ბრალდების დადგენილება ახალციხეში კლინიკა "იმედის" იმ ექიმის მიმართ, რომელმაც კოლეგას, მეგი ბაქრაძეს, ვაქცინაციით გამოწვეული ანაფილაქსიური შოკის დროს, დახმარება არ გაუწია. მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ საკითხზე ბრიფინგი გაიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურაში.

"ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა, რაც ვაქცინაციის შემდგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია...

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბარქაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა", - თქვა პროკურორმა თამარ იაკობიძემ. მას ექიმის ვინაობა არ დაუსახელებია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალი წაუყენა კლინიკა "იმედის" ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს, რომელმაც მანამდე გამოძიებას ამ საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა.

ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორმა თქვა, რომ კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. მას არ დაუკონკრეტებია, რა იქნება მათი შუამდგომლობა - პატიმრობის მოთხოვნა თუ გირაოს შეფარდება.

ექთანი მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. იგი საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების მესამე დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა "იმედში" აცრა კოლეგამ. ნემსის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა და მოგვიანებით გონება დაკარგა. რამდენიმე საათის შემდეგ რეანიმობილმა იგი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მეგი ბაქრაძეს კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე არავინაა დაკავებული. გამოძიებამ მხოლოდ იმის დადგენა შეძლო, რომ ექთანს ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად ნემსი არ გაუკეთეს.

XS
SM
MD
LG