Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა უკრაინაში ომზე, იმედგაცრუებასა და იმედზე


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის საახალწლო ყოველწლიურ მილოცვაში უკრაინაში ომზე, საქართველოს ევროპულ მომავალსა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა ყურადღება. 31 დეკემბრის მილოცვაში მან ისაუბრა გასული წლის იმედგაცრუებასა და მომავლის იმედზეც.

"ეს წელი ყველაზე მძიმე იყო ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის. მათ შეძლეს და მსოფლიოს აჩვენეს - რას ნიშნავს შემართება, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის და ჩვენი, ყველას თავისუფლებისთვის. ქართველმა ხალხმა კარგად იცის რას ნიშნავს ეს ბრძოლა და მას გავლილი აქვს ეს ძალიან მძიმე გზა, ამიტომაც ქართველმა ხალხმა არნახული სოლიდარობა გამოიჩინა და ყველა შესაძლო ფორმით გამოხატა თავისი მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომ მის გვერდით დგას; ჩვენ ბრძოლაში არ ვართ, მაგრამ ვიზიარებთ იმ მომავალსა და იმ პერსპექტივას, რომელსაც დღეს უკრაინის ბრძოლა გვიხსნის", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ქვეყნის ევროინტეგრაციაზე საუბრის დროს ახსენა "იმედი" და "იმედგაცრუება":

"ეს წელი ასევე, დიდი და ახალი იმედების წელი იყო, ევროპული იმედების წელი და ნაწილობრივ იმედგაცრუების. მაგრამ ჩვენ მივიღეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ევროპული პერსპექტივა, რამაც სამუდამოდ დაასრულა ის გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა - ვართ თუ არა ევროპაში...

მინდა ვუსურვო ახალგაზრდებს, რომ ეს მათი წელი იყოს, მათთვის არის ქართული, ევროპული მომავალი. მინდა, რომ თქვენ, ამ ქვეყანას აღარ ტოვებდეთ, და პირიქით, ბრუნდებოდეთ, რადგან დღეს, თქვენ ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებით".

მისალოცი ტექსტის ერთი ნაწილი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მოსახლეობას დაეთმო. პრეზიდენტის თქმით, მათ უნდა უადვილდებოდეთ მოქალაქეობის საბუთების აღება, რათა მათაც შეძლონ ევროპასთან დაახლოება. საქართველოს დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს.

"მინდა, 2023 წელი მივულოცო დღეს ძალიან მძიმე პირობებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ძალიან მძიმე პირობებში მყოფებს, რამეთუ ომი მათზე ვრცელდება პირდაპირ, თუ ირიბად და ჩვენ ჩვენს ადგილზე უნდა ვიდგეთ, თქვენ გვერდზე და თქვენ გვერდით უნდა ვიყოთ, რათა ყველანაირად დავიცვათ თქვენი იდენტობა, თქვენი ენა და ჩვენი ერთად ყოფნა. მე არ ვიცი, ეს მონაკო იქნება, თუ სხვა რამ, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩვენ უნდა გიადვილებდეთ დღევანდელ ყოფას, თქვენზე უნდა ვრცელდებოდეს და ბევრად ადვილად გაძლევდეთ მოქალაქეობის საბუთებს, რათა თქვენ საქართველოდან შეძლოთ ევროპასთან დაახლოება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ახალი წელი მიულოცა საქართველოში ყველა ოჯახს, უსურვა ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება. პრეზიდენტმა მისალოც ტექსტში ცალკე გამოყო საქართველოს პატრიარქი და მას "დიდი იმედების მიმცემი" უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG