Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ომზე: "მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის"


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერისას დასავლეთის ქვეყნები გრძელვადიანი გეგმისთვის მოემზადონ.

„მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის, ვინაიდან, როგორც დავინახეთ, რუსეთი არ აპირებს უარის თქმას თავის მთავარ მიზანზე - უკრაინაზე კონტროლის დაწესებაზე,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი სიტყვებით, უკრაინის არმიის წარმატებამ არ უნდა შეგვიქმნას იმის ილუზია, რომ კიევი მალე გაიმარჯვებს.

„უკრაინის ჯარები რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდნენ კონტრიერიშს, მაგრამ ასევე ვიცით, რომ რუსეთმა მობილიზაცია ჩაატარა და შეავსო სამხედროთა რიგები, მობილიზებულთაგან ბევრი ახლა გადის წვრთნას. ყოველივე ეს იმას მეტყველებს, რომ [რუსეთის ჯარები] ომის გაგრძელებისა და ახალი იერიშის მცდელობისთვის ემზადებიან,“ თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინას მწვავედ ესაჭიროება დასავლეთის სამხედრო დახმარება.

„ომების უდიდესი ნაწილი სამშვიდობო მოლაპარაკებებით სრულდება. ალბათ ასევე იქნება ამ ომშიც. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პირობები, რომლებითაც იქნება მიღწეული უკრაინისთვის მშვიდობა, მთლიანად არის დამოკიდებული ძალთა თანაფარდობაზე ბრძოლის ველზე,“ თქვა სტოლტენბერგმა.

„ამიტომ თუ გვინდა, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ დააფიქსიროს მდგომარეობა, რომ უკრაინამ გამარჯვება მოიპოვა როგორც ევროპის სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ, უკრაინა მხარდაჭერით უნდა უზრუნველვყოთ. მათ შორის სამხედრო მხარდაჭერით, ვინაიდან ესაა ერთადერთი საშუალება, დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას და აღიაროს უკრაინა როგორც ევროპის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო,“ მიაჩნია სტოლტენბერგს.

ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს არა აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ გამარჯვებამდე იბრძოლოს.

რუსეთის ჯარები ოქტომბრიდან მოყოლებული აგრძელებენ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის დარტყმების მიყენებას. დეკემბრის ბოლოს კიევმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის სამხედროების იერიშების შედეგად დარტყმები განხორციელდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700-ზე მეტ ობიექტზე: გაზსადენებზე, ელექტროქვესადგურებზე, ხიდებსა და სხვა ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG