Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში გირაოთი გაათავისუფლეს აქციების გამო დაპატიმრებული მსახიობი ქალი


თარანე ალიდოსტი კანის კინოფესტივალზე. მაისი, 2022 წელი
თარანე ალიდოსტი კანის კინოფესტივალზე. მაისი, 2022 წელი

ირანმა 4 იანვარს გაათავისუფლა ანტისამთავრობო გამოსვლებზე ხელისუფლების ზეწოლის გაკრიტიკების გამო დაახლოებით სამი კვირის წინ დაპატიმრებული მსახიობი ქალი, რომელსაც "ოსკარის" მფლობელ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ირანის ნახევრადოფიციალური სააგენტო ISNA იუწყება, რომ 38 წლის თარანე ალიდოსტი გირაოთი გათავისუფლდა. ალიდოსტი თამაშობს რეჟისორ ასღარ ფარჰადის ფილმში "გამყიდველი", რომელიც პრემია "ოსკარით" დაჯილდოვდა. მანამდე მსახიობის დედა ინსტაგრამით წერდა, რომ მის ქალიშვილს მოგვიანებით გაათავისუფლებდნენ.

ალიდოსტი ერთ-ერთი იყო რამდენიმე ირანელ ვარსკვლავს შორის, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს და გააკრიტიკეს ხელისუფლების ძალადობრივი ზეწოლა დემონსტრანტებზე. მან აქციების მხარდასაჭერად სულ მცირე სამი შეტყობინება გამოაქვეყნა ინსტაგრამით, სანამ მის ანგარიშს გააუქმებდნენ.

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა, რომლის წინაშეც ისლამური რესპუბლიკა აღმოჩენილა შექმნიდან, 1979 წლის რევოლუციის შემდეგ. უფლებადამცველთა ცნობით, დემონსტრანტების დასაშლელად უსაფრთხოების ძალები იყენებდნენ რეალურ ტყვია-წამალს, ცრემლმდენ გაზსა და ხელკეტებს.

XS
SM
MD
LG