Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი პატრიარქის წერილზე: მინდა ვუპასუხო მათ, ვინც "სულიერი რეალობა" ციხეს დაუკავშირა


ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი და ილია მეორე
ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი და ილია მეორე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის წერილში ნახსენები "სულიერი რეალობა" მის ციხეში ყოფნას არ უკავშირდება. ამ შინაარსის პოსტი ექსპრეზიდენტის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

"მინდა ვუპასუხო მათ, ვინც "სულიერი რეალობა" რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა "სულიერი".

ბოლო წლის გნამავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად: პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.

რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია - თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება", - წერია მიმართვაში.

გუშინ, 5 იანვარს, მედიას მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა და მეგობარმა ეკა ხერხეულიძემ მიაწოდა საქართველოს პატრიარქის წერილი, რომლითაც ის მადლობას უხდიდა ექსპრეზიდენტს აღსაყდრების დღის მილოცვისთვის.

"ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისათვის, მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად", - წერია მიხეილ სააკაშვილისთვის ილია მეორის სახელით გაგზავნილ წერილში, რომელიც 2022 წლით არის დათარიღებული.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია. 2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

XS
SM
MD
LG