რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევმა უკრაინის ხელისუფლებას „კლოუნები“, უკრაინის დასავლელ პარტნიორებს კი, „მეღორეები“ უწოდა, რუსეთის მიერ გამოცხადებულ „საშობაო ზავზე“ მათი რეაქციის გამო.
მედვედევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინელებს „ქრისტიანული გულმოწყალეობის ხელი გაუწოდეს“, რაც მათ უარყვეს. მედვედევი აცხადებს, რომ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე რუსი სამხედროების უმრავლესობამ „მთავარი უკრაინელი კლოუნების“ უარის შემდეგ "შვებით ამოისუნთქა“.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის სიტყვებით, „დასავლელი მეღორეების“ მიერ გაწვრთნილ „ღორებს არ აქვთ რწმენა და მადლიერების გრძნობა და მხოლოდ უხეში ძალის ესმით“.
დასავლელი პოლიტიკოსებიდან მედვედევი კონკრეტულად ახსენებს მხოლოდ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს, მას "მცირემცოდნე გერმანელ დედაკაცს" უწოდებს და წერს, რომ „ნაცისტების მემკვიდრეები არასდროს ინდობდნენ არც ადამიანებს და არც ცხოველებს“.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა „საშობაო ზავი“ გამოაცხადა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, თავის ჯარისკაცებს სახლში დააბრუნებდა. ანალენა ბერბოკის განცხადებით, მოკლე შესვენების შემდეგ პუტინი ომს გააგრძელებს, ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა უკრაინელებს თავისუფლებას და უსაფრთხოებას ვერ მოუტანს და ამის რეალურად მისაღწევად გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
5 იანვარს კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაითვალისწინა რუსეთის პატრიარქ კირილეს მოწოდება და თავდაცვის მინისტრ შოიგუს დაავალა, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე. 7 იანვარს მართლმადიდებლების ნაწილი, მათ შორის რუსეთსა და უკრაინაში, შობას აღნიშნავს.
უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის მიერ გამოცხადებული ე.წ. ზავი შეაფასა რუსეთის მცდელობად, შეაჩეროს უკრაინის აღმოსავლეთში თავდაცვის ძალების წინსვლა. 5 იანვარს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთს სურს შობა გამოიყენოს დონბასში უკრაინელი მებრძოლების დროებით შესაჩერებლად და მათ პოზიციებთან ახლოს მიიყვანოს საბრძოლო ტექნიკა და მობილიზებული პირები. ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოში ყველამ იცის, რომ კრემლი დროებით შესვენებას იყენებს ომის ახალი ძალით გასაგრძელებლად.