Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი სავარაუდოდ, აკონტროლებს სოლედარის დიდ ნაწილს


სოლედარის შემოგარენი. 2023 წლის 8 იანვარი
სოლედარის შემოგარენი. 2023 წლის 8 იანვარი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, რუსეთის და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალებმა ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში და სავარაუდოდ, მის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. სოლედარი მდებარეობს 10 კილომეტრში ქალაქ ბახმუტიდან, რომლის დაპყრობა, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთის მთავარ ოპერატიულ ამოცანად რჩება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ნაწილი კონცენტრირებული იყო მარილის 200-კილომეტრიანი საბადოების მიტოვებულ შესასვლელებთან, რადგან ორივე მხარე შიშობს, რომ ეს ტერიტორია გამოყენებული იქნება ერთმანეთის ზურგში შესაღწევად.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ბახმუტზე ზეწოლის გაძლიერების მიუხედავად, რუსეთი უახლოეს ხანში ვერ შეძლებს ქალაქის ალყაში მოქცევას, რადგან უკრაინის სამხედრო ძალებს შექმნილი აქვთ მდგრადი თავდაცვის ხაზი და მომარაგების მარშრუტებსაც აკონტროლებენ.

უკრაინის ხელისუფლებამ 9 იანვარს დაადასტურა, რომ რუსეთი ძლიერ შეტევას აწარმოებს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე. ოფიციალური პირების თანახმად, რუსმა სამხედროებმა სოლედარში გადაჯგუფება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოსკოვმა 6-7 იანვარს, ცალმხრივად გამოაცხადა ე.წ. საშობაო ზავი.

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა "ფეიკი" უწოდა მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ სოლედარის აღებაში რუსეთის რეგულარული სამხედრო ფორმირებები მონაწილეობენ. 9 იანვარს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სოლედარს მხოლოდ "ვაგნერის" ქვედანაყოფები "იღებენ" და "სასტიკ ბრძოლას აწარმოებენ საქალაქო ადმინისტრაციის შენობისთვის".

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასისთვის ბრძოლა გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებმა ყველაზე დიდი ძალისხმევა ქალაქ სოლედარისკენ მიმართეს, მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი იქნება მთელი დონბასის გათავისუფლება.

XS
SM
MD
LG