Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში სამუშაო ვიზიტს გამართავს


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი (მარცხნივ) და ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი (მარჯვნივ)
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი (მარცხნივ) და ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი (მარჯვნივ)

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთში სამუშაო ვიზიტს გამართავს, ინფორმაციას საქართველოს და სომხეთის მთავრობების პრესსამსახურები ავრცელებენ.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

ასევე დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით 2021 წლის 20 დეკემბერს იმყოფებოდნენ. ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კი ბოლოს 2021 წლის სექტემბერში შედგა.

მანამდე, გასული წლის 18 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ერევანში შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის დედაქალაქში ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.

XS
SM
MD
LG