Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ


აქცია ლაგოდეხის სოფელ კაბალში. 15 იანვარი, 2023 წელი
აქცია ლაგოდეხის სოფელ კაბალში. 15 იანვარი, 2023 წელი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში 50-მდე მესაქონლე ფერმერმა საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლება ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 12 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გასხვისებას ფარულად გეგმავს, იმ ტერიტორიის, რომელსაც სოფელი 70 წელია საძოვრად იყენებს.

აქციის მონაწილე ჯავათ ალიევის თქმით, მათი ინფორმაციით, გასხვისებამდე მომზადდა მიწის ნახაზები და ჩატარდა სხვა პროცედურები. ალიევი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხის მერიაში სოფლის მოსახლეობის საერთო განცხადების და ხელმოწერების ჩაბარებაც სურდათ, თუმცა კანცელარიამ წერილი არ მიიღო.

"მიწა საძოვარია და უნდათ, რომ სტატუსი შეუცვალონ. ჩვენ მერსაც მივმართეთ, მაგრამ გვითხრა, რომ ეს საკითხი მე არ მეხებაო. სოფელი მესაქონლეობას მისდევს და მიწის გასხვისებას არ დავუშვებთ. თუ საქონელს საძოვარი არ ექნება, მაშინ უნდა გავყიდოთ… ასე არ გამოვა. თუ საჭირო გახდა, აქციას გავმართავთ ლაგოდეხის მერიასთანაც", - თქვა ალიევმა.

ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ მერია კაბალში მიწის გასხვისებას არ გეგმავს.

“შემიძლია გითხრათ, რომ არც სახელმწიფო და არც მერია კაბალში არანაირი მიწის გასხვისებას არ გეგმავს, ეს რომ ასე იყოს, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდებოდა. მეტს ვერაფერს გეტყვით", - თქვა მდივნიშვილმა.

კაბალში გამართულ აქციაზე თქვეს, რომ თუ მოსახლეობას მერი შეხვდება, მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს გადასცემენ, რომლებიც ადასტურებს, რომ გასხვისების პროცედურა დაწყებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG