Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ USA2GEORGIA-ს კლიენტების სასარგებლოდ დროებითი გადაწყვეტილება მიიღო


USA2GEORGIA-ს ერთ-ერთი ფილიალი
USA2GEORGIA-ს ერთ-ერთი ფილიალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტვირთების გადამზიდ კომპანიას, USA2GEORGIA-ს, რომელსაც ამანათები აშშ-დან საქართველოში ჩამოაქვს, დროებითი აკრძალვა დაუწესა. სასმართლოს გადაწყვეტილებით, კლიენტს შეუძლია არ გადაიხადოს საქართველოში ჩამოტანილი ნივთის ტრანსპორტირების საფასური კონკურენციის სააგენტოში საკითხის განხილვის დასრულებამდე და ამის მიუხედავად მას დარჩეს საკუთრების უფლება.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ შეაჩერა USA2GEORGIA-სა და კლიენტებს შორის დადებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, კომპანიას შეუძლია მომხმარებელს არ გაატანოს ის ნივთები, რომელთა ტრანსპორტირების საფასური არ გადაიხადა 30 დღის განმავლობაში.

"თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.

USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა - ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება", - წერია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლებას კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში განუმარტეს, რომ სასამართლოს ბრძანება ვრცელდება USA2GEORGIA-ს საქართველოში არსებულ საწყობში განთავსებულ ამანათებზე: იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაადგენს კომპანიის მხრიდან მომხმარებლის უფლებების დარღვევას, კლიენტებს არ მოუწევთ საწყობში დატოვებული ნივთებისთვის დაკისრებული საკომისიოს გადახდა. ხოლო, თუ დავა კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა, USA2GEORGIA არსებული ხელშეკრულების შესაბამისად გადაახდევინებს მომხმარებელს საფასურს.

კომპანიას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ბაზარზე, ასობით კლიენტი უჩივის. გასული წლის ბოლოს, 15 ნოემბრიდან USA2GEORGIA-მ ტრანსპორტირების საფასურის დათვლის სისტემა შეცვალა, რამაც მისი კლიენტების დიდი ნაწილის ხარჯები გაზარდა - რეალური წონის ნაცვლად, ახლა ყუთით გამოგზავნილ ნივთებზე ითვლება მოცულობითი წონაც.

განახლებულ დოკუმენტში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამანათის "მოცულობითი წონა" (სიგრძე გამრავლებული სიგანეზე და სიმაღლეზე და გაყოფილი კოეფიციენტზე 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება რეალურ (სასწორის) წონას, კომპანია უპირატესობას ანიჭებს პირველს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG