Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა დნეპრში გამოიყენა ხმელეთზე დაბალი სიზუსტით გამორჩეული რაკეტა


14 იანვარს ქალაქ დნეპრზე სარაკეტო დარტყმისას მთლიანად დაინგრა 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი
14 იანვარს ქალაქ დნეპრზე სარაკეტო დარტყმისას მთლიანად დაინგრა 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლს, დიდი ალბათობით, მოხვდა რუსული ბომბდამშენიდან, Tu-22M3-დან ნასროლი გემსაწინააღმდეგო რაკეტა AS-4 KITCHEN. ნატოს კლასიფიკაციით ასე აღინიშნება რუსული რაკეტა Х-22.

ბრიტანული დაზვერვა სიცრუეს უწოდებს რუსეთის მინიშნებას, რომ სახლს მოხვდა არა მისი, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რაკეტა Х-22 სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმისთვის გამოუსადეგარია, რადგან მისი რადიოლოკაციური სისტემა ქალაქის ტიპის დასახლებებში სამიზნეებს ერთმანეთისგან ცუდად არჩევს.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, სწორედ ამ ტიპის რაკეტის გამოყენებამ გამოიწვია დიდი მსხვერპლიც 2022 წლის ივნისში, უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე დარტყმისას.

14 იანვარს, უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 41 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

16 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების სამიზნეა არა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, არამედ აშკარა ან შენიღბული სამხედრო ობიექტები და ყველამ ნახა უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის დასკვნაც, რომ დნეპრში ტრაგედია გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის საპასუხო რაკეტის ქმედებამ. პესკოვი გულისხმობდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მოგვიანებით, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ამისთვის ბოდიშს იხდის.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სპიკერ იური იგნატის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრზე იერიში განხორციელდა რუსული ფრთოსანი რაკეტებით Х-22, რომელთა მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.

XS
SM
MD
LG