Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Rose-colored or life-colored glasses?


ავტორი: ანა ჯიქურიძე

ცხოვრება არასდროს არის ისეთი, როგორიც ჩანს ჩვენი ვარდისფერი სათვალეებიდან. ალბათ იმიტომ, რომ ცოტ-ცოტას ყველა ვიტყუებით, ემოციები ხელს გვიშლის რეალობის ზუსტ აღქმაში ან/და ხანდახან თავს ვიკატუნებთ და ჩვენივე გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობთ მტკივნეული სიმართლისთვის თვალის ასარიდებლად. ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვართ ჩვენი გრძნობებით, ემოციებით, ნაკლოვანებებით, ძლიერი და სუსტი მხარეებით და ხშირად ჩვენ უბრალოდ ასე ვცხოვრობთ.

მაგრამ როგორია რეალური ცხოვრება თუ მას ვარდისფერი სათვალის გარეშე შევხედავთ და რომელი ცხოვრება ჯობია - ვარდისფერი თუ ცხოვრებისფერი? ალბათ ჩვენი ცხოვრება რეალურად სწორედ ცხოვრებისფერია, რომელიც ქამელეონივით იცვლის თავისით ფერებს კონკრეტულ სივრცესა და კონკრეტულ დროში. რეალური ცხოვრება სწორედ ასეთი წარმომიდგენია - მოულოდნელი, სპონტანური, მრავალფეროვანი და სურპრიზებით სავსე. საინტერესო ის არის, ჩვენ წინასწარ რომელიმე ფერს ვირჩევთ თუ არა, რითაც გარესამყაროს აღვიქვამთ, თუ ცხოვრებას ვიღებთ იმ ფერებში რა ფერებსაც თვითონ გვთავაზობს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვყოფნის თუ არა გამბედაობა რეალობას თვალი გავუსწოროთ, მივიღოთ არსებული მოცემულობა და მასზე დაყრდნობით წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება? რა შემთხვევაში ვიქნებით ადეკვატურები, დავრჩებით მოგებულები, ვიპოვით ბალანსს და მივაღწევთ პიროვნულ თვითკმაყოფილებას? არჩევანი თითოეულ ჩვენგანზეა, მაგრამ ადრე თუ გვიან ჩვენს მიერ არჩეული ჩვენთვის სასურველი ფერის სათვალე ხმარებაში ცვდება ან ტყდება, ისევე როგორც ჩვენი ძალისხმევა, რეალურ ცხოვრებას შევუნარჩუნოთ ჩვენთვის სასურველი ფერი, ილევა, რადგან ადამიანის ყველა განცდა საზღვრიანია. ამის შემდეგ კი მორალურად მოუმზადებლები მოულოდნელად და ძალაუნებურად ვრჩებით მარტო რეალობის პირისპირ, რაც გაცილებით მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა თავიდანვე ცხოვრებისფერ სათვალეებს ავირჩევთ და ჩვენს პირად სტანდარტებსაც შესაბამისად შევიქმნით. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვარდისფერი სათვალეებიდან ცხოვრება საბოლოოდ გაცილებით მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე მის გარეშე.

მე პირადად ვარდისფერ სათვალეებზე უარი დიდი ხნის წინ ვთქვი, რის შედეგადაც თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ახლა შინაგანად უფრო ძლიერი ვარ, სწორი მოლოდინები მაქვს შექმნილი, ვიცი რა მინდა რეალურად ცხოვრებაში, რა მანიჭებს ბედნიერებას, სად არის ჩემი ბალანსი და როგორ ვიბრძოლო იმისთვის რაც მინდა. ასე რომ, რეალური ცხოვრება გაცილებით საინტერესოა და მრავალფეროვანი, რომელსაც არ სჭირდება ჩვენი მხრიდან გაფერადება. მას გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია ჩვენთვის და ჩვენ უბრალოდ კარგად უნდა დავინახოთ ეს შესაძლებლობები. სულ ეს არის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG