Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტკივილი როგორც ძალა: ჯენის ჯოპლინის ტრიუმფალური Kozmic Blues


სალომე ასათიანის პოდკასტი

გადმოწერა

“მუსიკის შესრულება გრძნობებს ეხება. არაა აუცილებელი ეს გრძნობა იყოს დარდი, ან ბედნიერება. უბრალოდ უნდა იგრძნო ის, რაც უკვე შენშია, მაგრამ ცდილობ ყურადღება არ მიაქციო - იმიტომ, რომ ამაზე ზრდილობიანად ვერ ილაპარაკებ. ესაა ის ერთადერთი რამ, რის გამოც სიმღერა შემიძლია. სცენაზე გავდივარ და ამ ყველაფერს ჩემგან გარეთ ვუშვებ“.

ასე ჯენის ჯოპლინი პასუხობდა ჟურნალისტებს, როცა ისინი - გაოგნებულები - ისევ და ისევ ეკითხებოდნენ, მაინც საიდან გაჩნდა მისი ფენომენი, როგორ მღეროდა ეს ტეხასელი ახალგაზრდა ქალი ბლუზს ასეთი სიღრმით და ასეთი ინტენსივობით. როგორ მოხდა, რომ 1960-იანი წლების როკმუსიკის მასკულინურ სამყაროში გაისმა ქალის ასეთი ძლიერი, ასეთი უკომპრომისო, ასეთი გულწრფელი, ასეთი ემოციური, ასეთი ეროტიკული ხმა.

თავისი ხმის შესახებ ჯენისი იუმორით ლაპარაკობდა ხოლმე - მისთვის ჩვეული, გულიანი სიცილით. „ეს ჩემი უცნაურად ძლიერი ხმა შემთხვევით აღმოვაჩინე, რადგან ბლუზი მიყვარდა. არც ამბიცია მქონდა, არც კარიერა მინდოდა - კარიერა თავისით მოხდა მას მერე, რაც სიმღერა დავიწყე. ‘მომღერალი’ როცა დამერქვა, უკვე ვმღეროდი. სხვანაირად ამას ვერასოდეს ვიზამდი“ - უყვებოდა მსმენელს.

2023 წლის 19 იანვარს ჯენის ჯოპლინს 80 წელი შეუსრულდებოდა - რომ არა მისი სიკვდილი ჰეროინის ზედოზირებით, 1970 წლის 4 ოქტომბერს, 27 წლის ასაკში, და წლის პირველი ეპიზოდით „ასათიანის კუთხეში“ სწორედ ამ თარიღს ვზეიმობთ. ვზეიმობთ ქალს, რომელსაც, ათწლეულების განმავლობაში გამოუჩნდა უამრავი მიმდევარი, თუ მიმბაძველი - მის მიერ დამკვიდრებულმა მგრძნობელობამ თუ სტილმა ბევრ ვოკალისტს, უწინარესად ქალ მომღერლებს გაუხსნა გზა ინდივიდუალური და უკომპრომისო ჟღერადობის პოვნისკენ - მაგრამ ჯენისის მუსიკის ემოციურ ინტენსივობასთან, სულიერ სიღრმესთან ახლოსაც ვერავინ მიდის. რადგან ჯოპლინის ხმაში არის რაღაც, რისი გამეორებაც უბრალოდ შეუძლებელია - გვეტყვიან მუსიკის ისტორიკოსები. ამ ხმას, რომელიც სამ ოქტავას მოიცავდა, მყისიერად ვცნობთ, უწინარესად მისი სიძლიერის გამო - ვნებიანი მაღალი ნოტებით, ემბლემატური, მძლავრი, ოდნავ გაბზარული შეკივლებით, რომლითაც ჯენისი გაუხედნავ ემოციას გამოხატავდა ხოლმე. თუმცა ჯოპლინი შეუდარებელი იყო ლირიკულ ტონალობაშიც, თავისი რბილი, თბილი, ხავერდოვანი და ნიუანსირებული ფრაზირებით და ხმის მდიდარი, ლამაზი დაბალი რეგისტრით.

თუმცა, კულტურის ისტორიისთვის ჯენის ჯოპლინის მნიშვნელობა მისი, როგორ ვოკალისტის უნიკალურ შესაძლებლობებსაც სცდება. მან ძირეულად, და სამუდამოდ შეცვალა წარმოდგენები იმაზე, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო „ქალი მომღერალი“, და ახალი ინტენსივობით გვაგრძნობინა რას ნიშნავს ავთენტურობა, თავისუფლება, რას ნიშნავს, როცა მომღერალი არ თამაშობს, არ პოზირებს, და თავის ტკივილზე გულწრფელად, დაუფარავად, მთელი არსებით გვიყვება - მათ შორის მუსიკის რიტმში ნერვულად მფეთქავი სხეულით.

მოსაყოლი კი მას მართლაც ბევრი ჰქონდა - ჯენის ჯოპლინი იზრდებოდა ამერიკის სამხრეთში, ტეხასის ნავთობის გადამამუშავებელ პატარა ქალაქ პორტ ართურში, სადაც 1950-იან წლებში ეჭვის თვალით უყურებდნენ განსხვავებულ, არაორდინარულ ადამიანებს, მით უმეტეს, ნონკონფორმისტ ქალებს. სკოლაში ჯენისი ბეჯითი მოწაფე იყო, ბევრს კითხულობდა, ხატავდა, იყო „ამერიკის მომავალი მასწავლებლების“ კავშირის წევრი - მაგრამ მისი მსოფლმხედველობა და მგრძნობელობა სულ უფრო დიდ წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსერვატიულ გარემოსთან. ის შეპყრობილი იყო აფრიკული-ამერიკული მუსიკალური ტრადიციებით, ბლუზით და სკოლის ასაკიდანვე ხმამაღლა, დიდი სიბრაზით აპროტესტებდა მის ქალაქში მოქმედ რასობრივი სეგრეგაციის წესებს - სახლშიც, სკოლაშიც, ქუჩაშიც; გატაცებული იყო ჯეკ კერუაკით და თავს „ბიტნიკ გოგოდ“ აცხადებდა. ამის გამო ჯენისი თავის ქალაქში თანდათან გადაიქცა მარგინალიზებულ, გარიყულ გოგოდ - კლასელები, სკოლელები მას გამუდმებით დასცინოდნენ გარეგნობის, ვარცხნილობის, წონის, ცხოვრების წესის გამო, ესროდნენ ხურდებს, „ბოზად“ მოიხსენიებდნენ. როგორც მისი კლასელები უკვე ხანდაზმულობაში იხსენებდნენ, ჯენისი ცდილობდა შეურაცხყოფისთვის დიდი ყურადღება არ მიექცია - მაგრამ დაცინვის და ჩაგვრის მუდმივ სამიზნედ ყოფნა მისთვის მწვავე ტრავმა იყო, იმდენად, რომ თინეიჯერ ჯენისს ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდა.

ეს ტკივილი ჯენის ჯოპლინმა ტრიუმფად გადააქცია - ტეხასი დატოვა, კალიფორნიაში ავტოსტოპით ჩავიდა და სულ რამდენიმე წელიწადში გადაიქცა მთელი მსოფლიოს გარიყული და დაკარგული გოგოების „ხმად“. და ალბათ ამიტომაცაა, რომ მისი მსმენელები - განსაკუთრებით ქალები - ერთმანეთთან უცნაურ სოლიდარობას, რაღაც იდუმალ კავშირს ვამყარებთ ხოლმე. ფაქტობრივად ვერ ვიხსენებ შემთხვევას გამეცნო ქალი, რომელსაც ჯენის ჯოპლინი ჩემსავით ლამის ბავშვობიდან უყვარს, და მას არ დაეწყო მოყოლა - "თინეიჯერობაში ვიყავი გონიერი, დაბნეული, დაკარგული გოგო, თავი უშნო მეგონა, რაღაცას ვეძებდი, მარტოობას ვგრძნობდი, რაღაც მტკიოდა...". ყველა ასაკის, სხვადასხვა ქვეყნის, კულტურის ქალები საკუთარ თავზე ერთსა და იმავე ისტორიას ყვებიან - თავიანთ მონუსხულობას ჯენისთან პირველი შეხებით, აღტაცებას იმით, თუ როგორ გადააქცევდა ჯენისი თავის ტკივილს უდიდეს ძალად, როგორი უბოდიშო, არაორდინარული და ბუნებრივი იყო თავისი იერით, გარეგნობით, ჟესტებით, სიტყვებით. და რაოდენ შთამაგონებელი და იმედის მიმცემი იყო ეს ყველაფერი მათთვის - გოგოებისთვის, რომლებიც თავს დაკარგულად და გაუცხოებულად გრძნობდნენ.

ჰოლი ჯორჯ-უორენი
ჰოლი ჯორჯ-უორენი

მათ შორისაა „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარიც - ამერიკელი ავტორი, მუსიკის ისტორიკოსი ჰოლი ჯორჯ-უორენი, რომლის წიგნიც, 2019 წელს გამოცემული „ჯენისი: მისი ცხოვრება და მუსიკა“ კრიტიკოსებმაც და მკითხველებმაც ერთხმად აღიარეს ჯენის ჯოპლინის ყველაზე სრულყოფილ ბიოგრაფიად ამ დრომდე დაწერილებს შორის. ეპიზოდის მსვლელობისას ჰოლი ჯორჯ-უორენი მოგვიყვება ჯენის ჯოპლინის ბავშვობაზე, თინეიჯერობაზე, მისი, როგორც მომღერლის ტრანსფორმაციაზე - იმაზე, თუ რა გზით გარდაიქმნა ის აკუსტიკური ფოლკისა და ბლუზის სტანდარტების შემსრულებლიდან ფსიქოდელიური მუსიკის და ინტენსიური, გაუხედნავი ბლუზ-როკის უნიკალურ ვოკალისტად, მოგვიყვება 1967 წლის მონტერეის ფესტივალზე, სადაც ჯოპლინმა გრძელი და მძიმე ბლუზი, Ball and Chain შეასრულა და ფაქტობრივად ერთ ღამეში გადაიქცა მეგავარსკვლავად.

ეპიზოდში მოვისმენთ ბევრ მუსიკას - როგორც ჯენისის მუსიკას, ისე იმ მუსიკოსების, რომლებიც ჯენისს ძალიან უყვარდა. ჩვენი სტუმარი მოგვიყვება ჯენისის შეპყრობილობაზე აფრიკელი-ამერიკელი მომღერლებით - ბესი სმითით, ბიგ მამა თორნტონით, ბილი ჰოლიდეით, და იმ დიდ სიყვარულზეც, რომლითაც მას სხვა დიდი ვოკალისტები, მათ შორის ნინა სიმონი პასუხობდნენ. ვილაპარაკებთ ჯენისის პირად ურთიერთობებზეც - როგორც კაცებთან, ისე ქალებთან, ტკივილზე, რომელიც მას 22 წლის ასაკში მიაყენა კაცმა, რომელიც უყვარდა და რომელთან დაქორწინებაც უნდოდა; გავიხსენებთ მის სახელგანთქმულ და ხშირად ფიზიკურ კონფლიქტს ჯიმ მორისონთან, და ნიუ-იორკის სასტუმრო ჩელსის ლიფტში ჯენისის შეხვედრას ლენარდ კოენთან, დიდ კანადელ პოეტთან და მუსიკოსთან, რომელმაც შემდეგ ამ შეხვედრას სევდიანი და მშვენიერი სიმღერა, “Chelsea Hotel” მიუძღვნა.

ჰოლი ჯორჯ-უორენი აგვიხსნის იმასაც, თუ რას ნიშნავდა „Kozmic Blues” – ჯენისის მიერ დაწერილი, მფეთქავი ემოციით გაჟღენთილი სიმღერაც და საკუთრივ ეს იდუმალი სიტყვათშეხამებაც, რომელიც მისი ფიგურის სინონიმად იქცა. რადგან სწორედ ეს სიტყვათშეხამება მიემართებოდა მის უნიკალურ უნარს საოცარი მუსიკა შეექმნა ტკივილიდან, რომელსაც მას გარესამყარო აყენებდა.

როგორც ეს მოხდა ალბომით "Pearl" - ბლუზ როკის შედევრით, რომელიც ჯენის ჯოპლინის სიკვდილიდან სამ თვეში გამოვიდა. ეს დისკი, ცხადია, უწინარესად მუსიკალურადაა მნიშვნელოვანი - ჯენისის ისეთი უკვდავი ჰიტებით, როგორებიცაა “Trust Me”, “Half Moon”, “Cry Baby”, “Me and Bobby McGee”, “Mercedes Benz”. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მის ყდაზე დაბეჭდილი ფოტოც - ულამაზესი, გაღიმებული ჯენისი, ფერადი სამოსით და თმაში ჭრელი ბუმბულების ბოათი. Pearl, ალბათ, ყველაზე მკაფიოდ ასხივებს ამ საოცარი ქალის მთავარ მესიჯს - რომ ტკივილი გარდაუვალია, მაგრამ ცხოვრებას ინტენსიური ბედნიერების წამებიც მოაქვს; და რომ როგორი რთულიც უნდა იყოს, საკუთარი თავის, მგრძნობელობის, აზროვნების და, რაც მთავარია, საკუთარი ხმის პოვნა ყველაფერზე მნიშვნელოვანი ამბავია.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG