ომის პირველ თვეებში ბულგარეთი უკრაინას ფარულად აწვდიდა შეიარაღებას და საწვავს. ამის შესახებ ლაპარაკია გერმანულ გაზეთ Die Welt-ის გამოძიებაში, რომელიც 18 იანვარს გამოქვეყნდა. Welt-ის ჟურნალისტების თანახმად, 2022 წლის გაზაფხულზე უკრაინის არმიისთვის გაგზავნილი ამუნიციის 30%-მდე და დიზელის საწვავის 40%-მდე ბულგარეთიდან გაიგზავნა.
ჟურნალისტების დასკვნები ეყრდნობა ინტერვიუებს, რომლებიც აიღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრ დმიტრო კულებასგან, ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტკოვისგან, და ასენ ვასილევისგან, რომელსაც პეტკოვის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. პეტკოვი საჯაროდ უარყოფდა უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების აღმოჩენას, მაგრამ მიწოდება ხდებოდა რუმინეთში, უნგრეთსა და პოლონეთში მოქმედი შუამავალი კომპანიების მეშვეობით.
Welt-ის თანახმად, ოპერაცია ფინანსდებოდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. ბულგარეთის არმიას საბჭოთა წარმოების ამუნიციის მნიშვნელოვანი მარაგი მოეპოვება. ამ საბრძოლო მასალამ გამოყენება ნახა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, სადაც ომის დაწყების პერიოდში სამხედრო ტექნიკა ძირითადად საბჭოთა სტანდარტებს შეესაბამებოდა.
ამავე გზით აწვდიდა ბულგარეთი უკრაინას დიზელის საწვავს. ის იწარმოებოდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ბულგარეთის ქალაქ ბურგასში. ქარხანა მაშინ რუსულ კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნოდა და ნედლი ნავთობიც რუსული იყო. ვასილევის თქმით, ომის პირველ ფაზაში ბულგარეთი უკრაინაში დიზელის მთავარი ექსპორტიორი იყო.
დმიტრო კულებამ დაადასტურა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა საფრთხე, რომ უკრაინის არმიას შესაძლოა აპრილის ბოლოსთვის ამოწურვოდა ამუნიცია, და ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით გაემგზავრა მოლაპარაკებების გასამართად ბულგარეთში, რათა შეეთანხმებინა იმპორტის საკითხი.
2022 წლის ივნისში ბულგარეთის სახელმწიფო თავდაცვით-საექსპორტო კომპანია Kintex-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ მიხაილოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთმა უკრაინას მიაწოდა დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ღირებულების ამუნიცია. ოფიციალურად ექსპორტი ხორციელდებოდა შუამავალ ქვეყნებში. დიზელის საწვავი ზღვით ჩაჰქონდათ რუმინეთში, საიდანაც ის უკრაინაში იგზავნებოდა.
2022 წლის დეკემბერში ბულგარეთის მთავრობამ ოფიციალურად მოიწონა უკრაინისთვის შეიარაღების პირდაპირ მიწოდება. შარშან ნოემბერში სოფიამ ევროკომისიას სთხოვა ნებართვა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში.
ბურგასის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მიმდინარე წლის დასაწყისიდან მთლიანად გადავიდა ბულგარეთის მმართველობაში.