Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტელეარხი RT France-ი საბანკო ანგარიშების დაბლოკვის გამო წყვეტს საქმიანობას


RT France-ის მთავარი რედაქტორი ქსენია ფიოდოროვა
RT France-ის მთავარი რედაქტორი ქსენია ფიოდოროვა

რუსული ტელეარხი RT France-ი წყვეტს საქმიანობას საბანკო ანგარიშების დაბლოკვის გამო. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა მისმა მთავარმა რედაქტორმა ქსენია ფიოდოროვამ.

„არხის ანგარიშები გაყინულია საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სახაზინოს მთავარი სამმართველოს მოთხოვნით. ჩვენს არხს აღარ შეუძლია საქმიანობის გაგრძელება“, - დაწერა ფიოდოროვამ.

RT France-ის 123 თანამშრომელი, რომელთა შორის 77 ჟურნალისტია, სამსახურს დაკარგავს და „მათ ემუქრებათ საფრთხე, რომ ვერ მიიღებენ იანვრის ხელფასებს“, ნათქვამია პუბლიკაციაში.

19 იანვარს გაზეთი Le Monde-ი იტყობინებოდა RT France-ის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. ეს გაკეთდა 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მეცხრე პაკეტის საფუძველზე. ევროკავშირის სანქციების მიზეზია უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ მოქმედებას „საპასუხო ზომები მოჰყვება რუსეთში საფრანგეთის მედიასაშუალებების მიმართ.“

2022 წლის მარტში ევროკავშირმა შეაჩერა რუსეთის მთავრობის ხელშეწყობით მოქმედი ზოგიერთი მედიასაშუალების, მათ შორის RT-ის მაუწყებლობა. მასმედიის ევროპელმა რეგულატორებმა ეჭვქვეშ დააყენეს ტელეარხის მიერ იმ მოვლენების გაშუქების ობიექტურობა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრასთან არის დაკავშირებული.

ივლისში ევროპულმა სასამართლომ ლუქსემბურგში უარყო რუსეთის ტელეარხ RT France-ის სააპელაციო სარჩელი, გაეუქმებინა ადრე მიღებული გადაწყვეტილება „დეზინფორმაციის სისტემატური გავრცელების გამო“ მისი მაუწყებლობის აკრძალვის თაობაზე.

XS
SM
MD
LG