Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვიტანი: უკრაინამ მიიღო მეტი ტექნიკა, ვიდრე ითხოვდა, იქნება Leopard-ებიც


რომან სვიტანი
რომან სვიტანი

უკრაინამ "რამშტაინის ფორმატის" ფარგლებში მოკავშირეებისგან იმაზე მეტი სამხედრო ტექნიკა მიიღო, ვიდრე ითხოვდა - ამის შესახებ უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, რომან სვიტანი აცხადებს და ამ ფონზე, პრობლემად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გერმანია ჯერჯერობით უარს ამბობს თავისი ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე.

"Leopard-ებთან დაკავშირებით კრიტიკული პრობლემა აბსოლუტურად არ არსებობს, რადგან ჩვენ გადმოგვცეს იმაზე მეტი ტექნიკა, ვიდრე ჩვენ ვითხოვდით. ეს ჩანს ციფრებში, რომლებიც რამშტაინის შეხვედრის შემდეგ ვნახეთ. 1.5-2-ჯერ იმაზე მეტი ტექნიკა მოგვცეს, ვიდრე ამას ზალუჟნი [უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი] ითხოვდა ახალ წლამდე. მხოლოდ Leopard-ები ვერ მივიღეთ. მიღებული გვაქვს T 72-ებიც [ტანკი], ფრანგული ბორბლებიანი ტანკები, ასევე Challenger 2-ებს მივიღებთ“, - უთხრა სვიტანმა უკრაინულ "24 Канал"-ს.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ „რამშტაინის ფორმატში“ შეთანხმებული შეიარაღების თითქმის 70% შეტევითია და უკრაინისთვის მათ გადაცემას აზრი არ ექნებოდა, ტანკების გადაცემის ჩანაფიქრის გარეშე.

რომან სვიტანი ფიქრობს, რომ გერმანულ ტანკებს უკრაინას მას შემდეგ გადასცემენ, რაც პენტაგონი მოელაპარაკება გარკვეულ პირებს გერმანიის ხელისუფლებიდან და შესაძლოა, უკრაინას გერმანული ტანკები გადასცენ სხვა ქვეყნებმა, შედარებით ახალი მოდიფიკაციის Leopard-ებში გაცვლის შეთანხმებით.

„რამშტაინის ფორმატში“ უკრაინისთვის შეთანხმებული სამხედრო დახმარების სპექტრმა და მასშტაბმა გაღიზიანება გამოიწვია რუსეთში. მაღალჩინოსნები და მათ შორის - დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი დასავლეთის დაშინებას კვლავ ბირთვული იარაღით ცდილობს.

ვოლოდინის განცხადების შემდეგ, ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა და რუსეთის პოლიტიკას არაადეკვატური უწოდა.

„ვოლოდინის პირით რუსეთი ისევ იმუქრება, რომ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა იქნება საფრთხე რუსეთის მითიური ქალაქებისთვის და ამიტომ დაელოდეთ ესკალაციას... ანუ რუსეთის ფედერაცია 11 თვეა ბომბავს უკრაინას, მასობრივად ხოცავს სამოქალაქო პირებს; მაგრამ უკრაინამ და მსოფლიომ ჩუმად უნდა მოითმინონ ეს და არ გაიწიონ წინააღმდეგობა“, - წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი „გარღვევას“ უწოდებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედროები გერმანული Leopard-2-ის ტიპის ტანკების მართვას პოლონეთში შეისწავლიან. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული სატანკო ეკიპაჟების წვრთნას ტანკებიც მოჰყვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG