Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. ადმინისტრაცია უარყოფს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველო დაადანაშაულა სანქციების გვერდის ავლაში.

„უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას - საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.

დღევანდელ მოცემულობაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული", - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს წინააღმდეგ „სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს".

„როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა 20 იანვარს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უარყოფითი პოზიცია გამოხატა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხზე. პრეზიდენტმა ამავე განცხადებაში აღნიშნა: „ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ!

ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!"

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და მუდმივ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა. მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.

უკრაინაში აგრესიული შეჭრის გამო, ევროკავშირმა რუსეთს ამ დრომდე მიღებული 9 პაკეტით განსაზღვრული სანქციები დაუწესა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ შემოღებული აშშ-ს და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციებს არ დააწესებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG