Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწოდებს სომხეთთან ლაჩინის დერეფნის გახსნისკენ


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მოუწოდა, გახსნას მთიანი ყარაბაღის სახმელეთო გზა სომხეთთან და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ დერეფნის ბლოკირებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს სამშვიდობო ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის.

ბლინკენი ალიევს ტელეფონით ესაუბრა, "რათა გამოსულიყო მოწოდებით, კომერციული ტრანსპორტისთვის ლაჩინის დერეფნის დაუყოვნებელი გახსნისკენ", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი 23 იანვრის განცხადებაში.

"მან ხაზი გაუსვა, რომ ლაჩინის დერეფანში ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხე ძირს უთხრის სამშვიდობო პერსპექტივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გასულ კვირაში ბლინკენი ელაპარაკა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და გამოთქვა "ღრმა შეშფოთება მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესების შესახებ", დერეფნის ბლოკირების გამო.

მთავრობის მიერ მხარდაჭერილ აზერბაიჯანელ დემონსტრანტებს, რომლებიც თავს გარემოს დამცველებად აცხადებენ, ერთადერთი გზის მონაკვეთი 12 დეკემბრის შემდეგ აქვთ ბლოკირებული და მოითხოვენ ბაქომ შეამოწმოს ყარაბაღის "უკანონო" მაღაროები.

აქტივისტების ნაწილი გამოვიდა მოწოდებით, რუსეთის მშვიდობის დამცველები ჩანაცვლდნენ საერთაშორისო ძალებით.

აზერბაიჯანის მხარე ირწმუნება, რომ გზა ღიაა ჰუმანიტარული ტვირთებისთვის, გადაუდებელი მომსახურებისთვის და მშვიდობის დამცველი სამხედროებისთვის.

სომხეთი ბლოკადას უწოდებს 2020 წელს რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების უხეშ დარღვევას. ამ შეთანხმებით დასრულდა ერთ თვეზე მეტხანს მიმდინარე ინტენსიური ბრძოლა ყარაბაღის გარშემო.

მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის შემოდგომაზე განახლდა. ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG