Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას "სუსის ფაილების" საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

თბილისის პროკურატურამ "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ავრცელებს - ეს არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს მის უფლებებს.

"დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებამდე საგამოძიებო ორგანოს ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მივმართეთ. 2023 წლის 10 იანვარს პროკურატურისგან გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოვითხოვეთ. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ბოლო მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მივიღეთ, ნიკა გვარამიას დაზარალებულად ცნობის შესახებ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურორთან წარვადგინეთ", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისის შემდეგ პატიმრობაშია. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. გვარამია არ ეთანხმება ამ ბრალს.

2021 წლის 12 სექტემბერს, გვიან ღამით, მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ეს იყო სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუსი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა. პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

იმ ჟურნალისტების უფლებებს, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებდნენ, ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, "მედიაომბუდსმენი" და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", იცავს. ათეულობით ჟურნალისტს უკვე აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

XS
SM
MD
LG