Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო სივრცის დროებით აკრძალული ზონები განსაზღვრეს


ფოტო არქივიდან: სოხუმის აეროპორტი, 2009 წელი
ფოტო არქივიდან: სოხუმის აეროპორტი, 2009 წელი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა დადგენილება მიიღო „საჰაერო სივრცის დროებით აკრძალული ზონების განსაზღვრის შესახებ“. გადაწყვეტილება „სამხედრო და ტერიტორიული საფრთხისგან დაცვის მიზნითაა“ მიღებული. დოკუმენტს დე ფაქტო მთავრობის მეთაურმა ალექსანდრ ანქვაბმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

საჰაერო სივრცის აკრძალული ზონები წესდება:

„ადმინისტრაციული კომპლექსების შენობების, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანოებისა და ობიექტების, აფხაზეთში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის რუსული), სამხედრო ობიექტებისა და თავდაცვის დანიშნულების ნაგებობების, სახელმწიფოს მატერიალური ფასეულობების მარაგებისა და სამობილიზაციო რეზერვების განთავსების ობიექტების თავზე“.

მაგალითად, აკრძალული ზონა წესდება „რუსეთის საელჩოს“, „რუსეთის ელჩის რეზიდენციის“, „სახელმწიფო აგარაკების, „ახალი ათონის“, „მიუსერის“, „ლდზაას“, თავზე.

დადგენილებით, ამ ადგილებში იკრძალება საჰაერო სივრცის გამოყენება, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. გამონაკლისებს შორისაა ფრენები სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ან „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ოპერატიული ამოცანების“ შესასრულებლად.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ აკრძალა დრონების ფრენა სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზეც.

დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით 2024 წლისთვის სოხუმის აეროპორტის აღდგენას გეგმავს.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი „Базовый элемент-ი". ის რუსი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას კონტროლირებადი კომპანიების შემადგენლობაშია.

ოლეგ დერიპასკა 2018 წლიდან აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია. მისი სახელი აშშ-ის ოფიციალური უწყებების დოკუმენტებშია მოხსენიებული, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის კონტექსტში, თუმცა უცნობია, წაყენებული აქვს თუ არა მას აშშ-ში ოფიციალურად ბრალი.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG