Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფატალური სროლის შემდეგ, აზერბაიჯანი ირანში საელჩოს ევაკუაციას აპირებს


აზერბაიჯანის საელჩო თეირანში
აზერბაიჯანის საელჩო თეირანში

29 იანვარს აზერბაიჯანი ირანიდან თავისი საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას აპირებს.

ორი დღის წინ, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის შედეგად შეიარაღებულმა პირმა დაცვის თანამშრომელი მოკლა და კიდევ ორი ადამიანი დაჭრა. ბაქოში ეს „ტერორისტულ აქტად“ შეაფასეს.

თავდასხმის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიბარა ირანის ელჩი ბაქოში. უწყებას არ დაუზუსტებია დამატებითი დეტალები, მათ შორის, გააგრძელებს თუ არა საელჩო ფუნქციონირებას.

თეირანის პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავა ეჭვმიტანილი. ირანის ხელისუფლებამ დაგმო პარასკევის ინციდენტი, მაგრამ თქვა, რომ თავდამსხმელს, როგორც ჩანს, პირადი მოტივი ჰქონდა და არა - პოლიტიკური.

თავდასხმა ორ მეზობელ ქვეყანას შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მოხდა. ბაქო აკრიტიკებს თეირანს ეთნიკურად აზერბაიჯანელი უმცირესობის მიმართ მოპყრობის გამო. ამ თვეში აზერბაიჯანმა, ასევე, თავისი პირველი ელჩი დანიშნა ისრაელში.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს თავდამსხმელი საელჩოს შენობაში შეჭრას და როგორ ესვრის ორ კაცს.

კაცი მოგვიანებით ირანის სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენეს. მან განაცხადა, რომ თავისი აზერბაიჯანელი მეუღლის გათავისუფლება სურდა, რომელიც, მისივე აზრით, საელჩოში იმყოფებოდა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიციას „ყოვლისმომცველი გამოძიებისკენ“ და მიუსამძიმრა აზერბაიჯანს და გარდაცვლილის ოჯახს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG