Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტრო გელათის შესახებ დასკვნას უწოდებს „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულს"


გელათი
გელათი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კვლევას, რომელიც გამოაქვეყნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა. ამასთან, სამინისტრო უპასუხებს პარტია „ლელოს" წევრთა განცხადებებს.

სამინისტროს თანახმად, კვლევითი ცენტრი პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება მინისტრ თეა წულუკიანს.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავიდანვე შეახსენებს საზოგადოებას, რომ ზემოხსენებული კვლევითი ცენტრი სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციაა. მას შემდეგ, რაც, 2021 წლის მარტში, სამინისტროს სათავეში ჩაუდგა თეა წულუკიანი, კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი ხანგამოშვებით პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროსა და მის ხელმძღვანელობას და, სამწუხაროდ, ამ მიზნისათვის სისტემატურად იყენებს გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილ ვითარებას.

დასანანია, რომ 2021 წლის მარტამდე, არავის ახსოვს, მოცემულ მეცნიერთა აღშფოთება გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცენტრის დოკუმენტი შორს არის სამეცნიერო დასკვნისგან.

„კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა სამინისტროსა და მის მიერ გელათში შექმნილი პრობლემების გამოსასწორებლად ქვეყნის შიგნიდან თუ უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობის გარეშე იქნა შემუშავებული და ის, შესაბამისად, შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან თუნდაც მისი შემუშავების მეთოდიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოცემული დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია.

ამასთან, რამდენადაც სამინისტროსათვის ახლახან გახდა ცნობილი, მოცემული დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისაგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც ცენტრის ხელმძღვანელი იმავდროულად ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის გვერდის ავლით „დამტკიცებული“ დასკვნა წარმოადგენს თუ არა კვლევითი ცენტრის დასკვნას, ეს საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი, ცენტრისეული რეკომენდაციების საზოგადოებისათვის წარდგენა ცენტრის შესაბამისმა მეცნიერებმა არა ეროვნული კვლევითი ცენტრის ოფისში ან სამინისტროში, ან კიდევ რომელიმე სამეცნიერო სივრცეში მოისურვეს, არამედ პოლიტიკური პარტიის ოფისში. „აშკარაა, რომ უცნაურ „მეცნიერულ“ საქმიანობასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტრო მიუთითებს დასკვნის ავტორთა არაკომპეტენტურობაზე. „აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თვალში საცემია დასკვნის ზედაპირულობა და დასკვნის ავტორთა არაკომპეტენტურობა, რომლებიც „ხარაჩოდან ვიზუალური დათვალიერებით“ აკრიტიკებენ განხორციელებულ სამუშაოებს, მათ მეთოდოლოგიას და ამას აკეთებენ ისე, რომ არავითარი პრაქტიკული გამოცდილება კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციის დარგში არ გააჩნიათ. ამავე არაკომპეტენტური თეორეტიკოსების საქმიანობის შედეგია ის, რომ სამინისტრო, უკვე რამდენიმე თვეა, სამონასტრო კომპლექსში გადარჩენით სამუშაოებს ვეღარ ახორციელებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ „მზად იყო და კვლავაც მზად არის, გაითვალისწინოს ყველა კონკრეტული რჩევა, წინადადება თუ უკეთესი საკონსერვაციო მეთოდოლოგია გელათის სამონასტრო კომპლექსში ვითარების გასაუმჯობესებლად და არა - პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკა თუ ვიწროპარტიული ინტერესით განპირობებული უსარგებლო ბრალდებები".

30 იანვარს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კვლევა, რომელიც კონსერვაციის პრობლემებს შეეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა".

საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს სამინისტროს აუდიტის სამსახური შეისწავლის - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ, მათ შორის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ დაუდასტურა.

მარინა გაჩეჩილაძის თქმით, აუდიტის სამსახური ცენტრის ფინანსების შესწავლას 1 თებერვლიდან დაიწყებს და "არანაირი პრობლემა ამაში არ არის".

ჩუბინაშვილის ცენტრში აუდიტის სამსახურის შესვლის ფონად უდევს სწორედ 30 იანვარს კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნება გელათის შესახებ.

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის მეცნიერების მიერ დასკვნის გასაჯაროების შემდეგ კულტურის სამინისტროს და მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს.

„კიდევ ერთი უაღრესად მძიმე დასკვნა გელათის შესახებ, რომელიც ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის მეცნიერების მიერ საპატრიარქოს მიმართვის შემდეგ მომზადდა და გასაჯაროვდა, ცხადყოფს, თუ როგორი არაკომპეტენტური ადამიანების ხელშია ქართული კულტურული მემკვიდრეობა.

ერთადერთი მოლოდინი, რაც შესაძლოა ქართულ საზოგადოებას ჰქონდეს ამ უმძიმესი შეფასებების გაცნობის შემდეგ, კულტურის სამინისტროს და მემკვიდრეობის სააგენტოს არსებული ხელმძღვანელობის გადადგომაა", - თქვა მედეა მეტრეველმა.

XS
SM
MD
LG