Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათის გარშემო საქმიანი დისკუსიის პოლიტიკურ დისკურსში გადატანის მცდელობაა - ჩუბინაშვილის ცენტრი სამინისტროს უპასუხებს


გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, რომელმაც 30 იანვარს გელათზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, კულტურის სამინისტროს 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებას უპასუხებს. სამინისტრომ ცენტრის დასკვნა, რომელშიც გელათში ბოლო პერიოდში ჩატარებული სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები მწვავედ არის გაკრიტიკებული, „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულად" მიიჩნია და თქვა, რომ ამ დოკუმენტზე მეცნიერები სუბორდინაციის დარღვევით მუშაობდნენ, რაც "სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს...“

ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობის შესახებ ინფორმირებული იყვნენ როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე სამინისტრო, მეტიც, სამინისტროს დასკვნა გაეგზავნა გამოქვეყნებამდე, თავად დოკუმენტი კი უწყებამ ყველა წესის დაცვით საბჭოს სხდომაზე დაამტკიცა.

კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამინისტროს ბრალდებები მეცნიერების პოლიტიკურ დაინტერესებაზე, არის სამეცნიერო, საქმიანი განხილვის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის მცდელობა.

"სამწუხაროდ, სამინისტროს წერილში ცხადად იკვეთება გელათის პრობლემის პოლიტიზაციის სურვილი. გამუდმებით მეორდება ბრალდება, თითქოს ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. მოურიდებლად არის ნახმარი შეურაცხმყოფელი გამოთქმები: პოლიტიკოსად ქცეული „მეცნიერი“(ბრჭყალებში!), პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკოსი და სხვა. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობენ. გელათის მდგომარეობის შეფასება ეფუძნება ფაქტების კვალიფიციურ ობიექტურ ანალიზს და არა „პარტიულ ინტერესებს“, - წერია განცხადებაში, რომელშიც ასევე აქცენტია გაკეთებული სამინისტროს მუქარანარევ ტონზე, რომელიც განცხადების ავტორების მოსაზრებით, "ხელს არ შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჯანსაღი კრიტიკული აზრის დამკვიდრებას და არც გელათის მდგომარეობის გაუმჯობესებას წაადგება."

ჩუბინაშვილის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ შეცდომებზე, რომლებსაც შეიცავდა სამინისტროს განცხადება.

"მაგალითად, ნათქვამია, რომ „2021 წლის მარტამდე, არავის ახსოვს, მოცემულ მეცნიერთა აღშფოთება გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“. ეს სწორი არ არის - უკვე 2020 წლის ზაფხულში ჩუბინაშვილის ცენტრმა ოფიციალურ წერილში გამოთქვა შეშფოთება გელათში შექმნილი ვითარების გამო და კონკრეტული წინადადებებით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შესაძლოა, ეს ფაქტი სამინისტროს ახლანდელ ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა, მაგრამ ის აღნიშნულია ცენტრის ანგარიშშიც (გვ. 10) და შეცდომა წესით არ უნდა გაპარულიყო. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობდნენ სააგენტოს შესაბამის კომისიებში და მკაფიოდ გამოხატავდნენ პოზიციას, რაც გახდა კიდეც გელათის იმხანად ახლადშექმნილ კომისიაში მინისტრის მიერ მათი მოწვევის საფუძველი", - წერენ მეცნიერები.

30 იანვარს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კვლევა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ეწინააღმდეგება რესტავრაციისა და კონსერვაციის პრინციპებს, მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე ჩატარებული სამუშაოები არღვევს მხატვრობის ავთენტურობას და ქმნის ძეგლის განადგურების საფრთხეს.

31 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ცენტრში სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა - ცენტრის დირექტორმა გამორიცხა კავშირი დასკვნის გამოქვეყნებასა და ფინანსურ შემოწმებას შორის. მარინა გაჩეჩილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ყოველწლიური პროცედურაა. ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, ბოლო აუდიტორული შემოწმება იქ 2020 წლის ბოლოს ჩატარდა და მისი შედეგები სამინისტროში 2021 წლის მარტში გადაიგზავნა.

გელათის საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა პარტია "ლელოს" ოფისში - ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ამ პარტიასთან კავშირი არ აქვთ, საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტის გამოყენება და ხსენება კი ნებისმიერ პირს შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG