Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია


ფოტო არქივიდან: რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში
ფოტო არქივიდან: რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მიდგომა, რომელიც ხელისუფლებას აქვს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით, მიუღებელია. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3-20 დეკემბერში, როცა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების გამო საქართველოში რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქე უკვე შემოსული იყო.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა თქვენთვის ხელისუფლების მიდგომა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მისაღებია - 29%;
  • არ არის მისაღები - 57%;
  • არ ვიცი - 13%;
  • უარი პასუხზე - 1%.
NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევა

ამავე კვლევამ აჩვენა, რომ:

  • უმრავლესობის (69%) აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს; ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში უმეტესობა რუსების იმიგრაციისგან სარგებელს ელის;
  • რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას ყველაზე კრიტიკულად თბილისის მოსახლეობა, ქალები და ოპოზიციის მხარდამჭერები აფასებენ;
  • უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას;
  • საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია.
NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევა

2022 წლის დეკემბერში კვლევა NDI-ის დაკვეთით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. კვლევა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

სხვა დეტალები კვლევის შესახებ:

  • 2,519 დასრულებული ინტერვიუ (29% გამოპასუხება);
  • საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%;
  • ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG