Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ სააკაშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა


მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს ხდომა. 3 თებერვალი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს ხდომა. 3 თებერვალი, 2023 წელი

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის, გამოკითხვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ეს შუამდგომლობა სააკაშვილის ადვოკატებმა დააყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლო ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეს განიხილავს.

"პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც აკეთებს გარკვეულ განცხადებებს პრესასთან, არ შეიძლება იყოს მოწმე. არ მინდა ვთქვა, რომ ეს შეიძლება ემსახურებოდეს გაჭიანურებას, თუმცა საკითხის დროულად განხილვის პასუხისმგებლობა სასამართლოზეცაა. ყველა დამატებითი მოწმის დაკითხვა წაგვართმევს დროს, მით უფრო ისეთის, რომელიც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაა სპეციალისტი, ექსპერტი", - განმარტა მოსამართლემ.

სააკაშვილის საქმეზე დაცვის მხარემ საკუთარი მოწმეების გამოკითხვა დაასრულა. დღეიდან პენიტენციური სამსახურის მხარის მოწმეები უპასუხებენ კითხვებს.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG