Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თურქეთს აფრთხილებს ექსპორტზე, რომელიც შესაძლოა აძლიერებდეს რუსეთის საომარ ძალისხმევას


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

აშშ-მა ბოლო დღეებში თურქეთი გააფრთხილა რუსეთში ქიმიური ნივთიერებების, მიკროჩიპებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტის თაობაზე, რასაც მოსკოვი შესაძლოა იყენებდეს თავისი საომარი ძალისხმევისთვის უკრაინაში.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბრაიან ნელსონი ხუთშაბათს და პარასკევს ეწვია თურქეთის ხელსუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს და მათ მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა ამგვარი პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდების აღკვეთის საქმეში.

ანკარაში და სტამბოლში ვიზიტისას, ნელსონმა და დელეგაციის სხვა წევრებმა ხაზი გაუსვეს ათობით მილიონი დოლარის ოდენობის ექსპორტს, რაც შეშფოთებას იწვევს - უთხრა ანონიმურად დატოვებულმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო როიტერსს.

"გასაკვირი არ არის... ის, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს გამოიყენოს თურქეთთან ისტორიულად არსებული ეკონომიკური კავშირები. ... საქმე ისაა როგორ უპასუხებს ამას თურქეთი" - ამბობს როიტერსის წყარო.

ნატოს წევრი სახელმწიფო, თურქეთი, პრინციპში ეწინააღმდეგება რუსეთისთვის მასშტაბურ სანქციებს, თუმცა ამბობს, რომ თურქეთი ამ სანქციებს გვერდს არ აუვლის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის სახელმწიფოებმა მოსკოვს საექსპორტო კონტროლი და სანქციები დაუწესეს, თუმცა მიწოდების არხები ღია რჩება ჰონგ-კონგიდან, თურქეთიდან და ვაჭრობის სხვა ცენტრებიდან.

რუსეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით, როიტერსი დეკემბერში წერდა, რომ 31 ოქტომბრამდე, შვიდი თვის განმავლობაში რუსეთში შევიდა სულ მცირე 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ნაწილები. ამ პროდუქციიდან სულ მცირე 777 მილიონის ღირებულების მასალები დასავლეთის კომპანიების მიერ იყო წარმოებული - რომელთა ჩიპებიც რუსეთის იარაღის სისტემებში იყო აღმოჩენილი.

3 თებერვალს The Wall Street Journal-იც წერდა, რომ თურქეთმა, საექსპორტო კონტროლისა და აშშ-ის სანქციების დარღვევით, რუსეთში განახორციელა ამერიკული წარმოების ელექტრომასალებისა და სათადარიგო ნაწილების ექსპორტი, და რომ ამ მასალების ნაწილიც აუცილებელია რუსეთის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფისთვის.

XS
SM
MD
LG