Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ მოქალაქეობა ჩამოართვა იანუკოვიჩის პერიოდის რამდენიმე მინისტრს


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ თავად განაცხადა 4 თებერვალს, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

"ხელი მოვაწერე შესაბამის დოკუმენტებს, რათა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის და მისი იმ [ფიგურებისგან] გაწმენდისთვის, რომლებიც აგრესორის მხარეს არიან", - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის მონაცემებით, ამ პირებს რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ.

განცხადების ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა უკრაინის მედიის ცნობით, მათ შორის, ვისაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა, არიან იანუკოვიჩის ახლო მოკავშირეები - ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი კლიუევი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო, უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი ოლექსანდრ იაკიმენკო და განათლების ყოფილი მინისტრი დმიტრო ტაბაჩნიკი.

უკრაინა ყველა მათგანმა დატოვა მალევე მას მერე, რაც ქვეყნიდან 2014 წლის თებერვალში გაიქცა თავად იანუკოვიჩი.

უფრო ადრე ზელენსკიმ მოქალაქეობა ჩამოართვა რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რუსეთში მყოფ ვიქტორ მედვედჩუკს. მათ, გავრცელებული ცნობებით, ასევე ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG