Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზნიკოვი ამბობს, რომ არახამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველად ესმის


უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება, რომ რეზნიკოვი გადაჰყავთ სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად.

ოლექსი რეზნიკოვმა გამოცემა „ფაქტის“ უთხრა, რომ ეს პირველად ესმის, პრეზიდენტთან არანაირი საუბარი არ ჰქონია და მსგავსი წინადადება რომ მიეღო, უარს იტყოდა, რადგან ამ სამუშაოს ხარისხიანად ვერ შეასრულებს.

ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობიდან თავდაცვის ან საგარეო საქმეთა მინისტრის გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს და ნებისმიერი ახალი მინისტრის დანიშვნის პროცედურაც კანონითაა გაწერილი. რეზნიკოვის თქმით, მთავრობის შიგნით ერთი მინისტრის მეორე მინისტრად გადაყვანის პროცედურა არ არსებობს და გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით.

საპარლამენტო ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ 5 თებერვალს, ღამით, ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლექსი რეზნიკოვი „მთავრობის ფარგლებში გადადის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხთა მინისტრად", რათა გაძლიერდეს სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობა.

არახამიას თანახმად, თავდაცვის მინისტრად დაინიშნება კირილო ბუდანოვი, რომელიც ამჟამად სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობს. როგორც არახამია წერს, საკადრო პოლიტიკას ომი უკარნახებს და დრო და გარემოებები მოითხოვენ გაძლიერებას და გადაჯგუფებას.

ინფორმაცია, რომ რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, პირველად იანვრის ბოლოს გავრცელდა, რასაც წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება სამხედროთა კვებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის შესახებ. სკანდალის ფონზე, თავდაცვის სამინისტროდან დაითხოვეს ზოგიერთი მაღალჩინოსანი.

3 თებერვალს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ გახსნილია სამხედროების კვებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხის მიტაცების მასშტაბური სქემა და ზარალი შეადგენს 119 500 000 გრივნას (დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარი).

5 იანვარს, სანამ არახამია ტელეგრამით გაავრცელებდა ცნობას, რომ რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად გადაჰყავთ, თავდაცვის მინისტრმა კიევში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინამ უკვე მიიღო ყველა საჭირო იარაღი, გარდა თვითმფრინავებისა. რეზნიკოვის თქმით, თვითმფრინავებიც იქნება, თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი.

შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ შეკითხვას ოლექსი რეზნიკოვმა უპასუხა, რომ მას არაფრის რცხვენია, სავარძელი კი, მუდმივი არავისთვისაა და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ის თავდაცვის მინისტრად. პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, ოლექსი რეზნიკოვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ სამინისტროში კორუფციულ სკანდალზე პასუხს უკვე აგებს საკუთარი რეპუტაციით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG