Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა


აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აპროტესტებენ მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას. ისმის შეძახილები: „მკვლელო!", „მკვლელო!"

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქმე სტრასბურგში გაიგზავნება.

„შემდეგი ნაბიჯი იქნება სტრასბურგის სასამართლო. არავითარი სხვა მოლოდინი მე არ მქონია და არც ჩემს შვილს. ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლება ყოფილიყო. ამას პოლიტიკა ჰქვია?! ეს არის პოლიტიკა, რაც ჩვენთან ხდება?! მთელი მსოფლიო ფეხზე დგას, მთელი ცივილიზებული მსოფლიო არის ჩემი შვილის მხარეს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ექსპრეზიდენტის სახელით გამოქვეყნდა მისი სიტყვები:

„მე ვერაფერი გამტეხავს!
ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!

ყველა ძალის გაერთიანების დროა!
ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!"

სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„შეიკრიბოს საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე და დაასაბუთონ ეს გადაწყვეტილება. საქართველოში და ალბათ მსოფლიოში არ დაბადებულა იურისტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს, რაც გამოაცხადა დღევანდელმა მოსამართლემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში სისხლის სამართლის სასამართლოებში სამართალი არ არსებობს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ იმიტომ, რომ ეტაპები სწრაფად იქნეს გავლილი და გაგზავნილი იქნეს სტრასბურგის სასამართლოში. მეორე მხრივ, 2-3 დღეში გასაჩივრდება რეგლამენტის 39-ე მუხლით, სტრასბურგის სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოსაყენებლად", - განმარტა ადვოკატმა.

მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა სასამართლო პროცესს სპექტაკლი უწოდა.

„ორი თვე გვატარეს... დღეს, როდესაც დავინახე სამართალდამცველების მეტი რაოდენობა, „ვივამედთანაც" იყვნენ მობილიზებულები, გასაგები იყო, რომ ეს დადგმული იყო. საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. არ უნდა გავჩერდეთ, მიშა სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ", - თქვა მან.

მოსამართლე გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG