Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთსა და სირიაში 5000-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


მიწისძვრის შედეგად დაღუპულის ცხედარი გააქვთ თურქეთის ქალაქ ადანაში სახლის ნანგრევებიდან
მიწისძვრის შედეგად დაღუპულის ცხედარი გააქვთ თურქეთის ქალაქ ადანაში სახლის ნანგრევებიდან

7 თებერვლის შუადღის მონაცემებით, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 3419 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულია - 20 534. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 8000-ზე მეტი ადამიანი.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქეც.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე 10 პროვინციაში, მათ შორის ქალაქებში გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეული ან დაზიანებულია სულ მცირე 11 000 შენობა. დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 500-მდე მოქალაქე. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის ზონამ მოიცვა დაახლოებით 110 000 კმ² ფართობი და 13,5 მილიონ მოქალაქეს შეეხო.

თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.

მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის ტერიტორიაზე იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 1600-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 3600-ს აჭარბებს.

მიწისძვრის შედეგად დანგრეული სოფელი სირიის იდლიბის პროვინციაში
მიწისძვრის შედეგად დანგრეული სოფელი სირიის იდლიბის პროვინციაში

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობს საგანგებო სამსახურების 25 000-მდე თანამშრომელი და 3294 მაშველი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.

საქართველომ თურქეთში 6 თებერვალს გაგზავნა 60 მაშველი და სპეციალური ტექნიკა.

XS
SM
MD
LG