Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიური Boeing-ის 2014 წლის კატასტროფაზე გამოძიება: პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება


ჩამოგდებული Boeing-ის ფრაგმენტები ნიდერლანდის გილზე-რაიენის სამხედრო ბაზაზე.
ჩამოგდებული Boeing-ის ფრაგმენტები ნიდერლანდის გილზე-რაიენის სამხედრო ბაზაზე.

საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც იკვლევს 2014 წელს დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ის დაღუპვის გარემოებებს, გამოაცხადა, რომ რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა ეჭვმიტანილთა ძებნისთვის, მაგრამ სხვისთვის აღარავისთვის შეუძლია ბრალდების წაყენება. ამასთან, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ კატასტროფისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

გაერთიანებულმა საგამოძიებო ჯგუფმა ივარაუდა, რომ პუტინი შესაძლოა პირადად იღებდა გადაწყვეტილებებს სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფ უკრაინის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ მიწოდებაზე, რომლის მეშვეობითაც ჩამოაგდეს სამოქალაქო თვითმფრინავი (რეისი MH7).

ასეთი დასკვნები გამოძიებამ გამოიტანა მას შემდეგ, რაც მოისმინა რუსეთის მიერ ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელად დანიშნული სერგეი აქსიონოვისა და მისი თანაშემწის საუბრის ჩანაწერი. აქსიონოვმა ახსენა, რომ სეპარატისტებისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილებებს რუსეთში პირველი პირი იღებს.

ამასთან, საუბარში არ ახსენებდნენ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკზე“ იყო ლაპარაკი თუ არა.

პუტინი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, იურიდიული იმუნიტეტით სარგებლობს და შეუძლებელია მისი სამართლებრივი დევნა. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ის თანამდებობას დატოვებს. ასეთ შემთხვევაში МН17-ის თაობაზე სასამართლო შეიძლება გაგრძელდეს, განაცხადა პროკურორმა დიგნა ვან ბოტზელერმა.

2022 წლის ნოემბერში ჰააგის საოლქო სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა დონბასის თავზე Boeing-ის ჩამოგდებაში ოთხი ბრალდებულიდან სამს.

ავიაკომპანია „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ი 2014 წლის 17 ივნისს რეისს (MH17) ასრულებდა ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში. ის ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის არმიისა და პრორუსული სეპარატისტული დაჯგუფებების დაპირისპირების ზონაში. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი.

კატასტროფის შემდეგ ხუთმა ქვეყანამ - ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ, ნიდერლანდმა და უკრაინამ - შექმნა ერთობლივი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი. მისმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მალაიზიური თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტით, რომელიც დასახლებულ პუნქტ პერვომაისკის მხრიდან იყო ნასროლი. ამ ტერიტორიას სეპარატისტები აკონტროლებდნენ. გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ „ბუკი“ უკრაინის ტერიტორიაზე მოხვდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის 53-ე ბრიგადიდან, რომელსაც კურსკის მახლობლად ჰქონდა ბაზა. სასამართლომ ბრალდების მხარის ვერსია დამტკიცებულად მიიჩნია.

მომხდარისთვის არცერთ მხარეს არ უკისრია პასუხისმგებლობა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ არავითარი კავშირი არა აქვს Boeing-ის კატასტროფასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG