Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რუსი პილოტი რომ ვიყო, ალბათ სულს გავაცხებდი ჰაერში აფრენამდე F-16-ის შიშით”- საჰაერო მარშალი გრეგ ბეგველი


ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მარშალი გრეგ ბეგველი
ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მარშალი გრეგ ბეგველი

“თავიდან ტანკებიც წითელ ხაზად აღიქმებოდა, ნაბიჯად, რომელიც ამ ომში ზედმეტად შეტოპვას უდრიდა. მაგრამ ეს შუშის ბარიერი დავამსხვრიეთ”, უთხრა რადიო თავისუფლებას ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა, სამხედრო პილოტმა გრეგ ბეგველმა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფინავების - F-16-ების გადაცემის შესაძლებლობაზე საუბრისას. გრეგ ბეგველი ერთ-ერთია დასავლელი სამხედრო ექსპერტების იმ მზარდი ბანაკიდან, სადაც თვლიან, რომ ტანკებით არ უნდა დაკმაყოფილდნენ და უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებიც უნდა გადასცენ. ვაჟა თავბერიძე გრეგ ბეგველს პრეზიდენტ ზელენსკის ბრიტანეთში ვიზიტის დაწყებამდე ესაუბრა.

პრინციპული კითხვა დგას ასე: თუ უკრაინას თვითმფრინავებს მივცემთ - უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთისგან რამე ახალ, ასიმეტრიულ რეაქციას კიევის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ? მე ამის არ მჯერა.

რადიო თავისუფლება: ავიაგამანადგურებლებით დავიწყოთ - რა რაციონალური არგუმენტებით, რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ ისინი, ვინც კიევისთვის თვითმფრინავების გადაცემას არ ემხრობა? როგორც ჩანს, სწორედ ასეთია დღევანდელი კონსენსუსი ვაშინგტონში, ლონდონსა და პარიზში.

საჰაერო მარშალი გრეგ ბეგველი: მე პირადად, მხურვალე მხარდამჭერი ვარ იმ აზრის, რომ უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები უნდა გადავცეთ, ამიტომ მომიწევს, წარმოსახვა დავძაბო და სხვების გადმოსახედიდან ვისაუბრო. თუმცა, ვიცი, რატომ ხდება ასე - ამის მთავარი მიზეზია გავრცელებული და ჩემი აზრით - მცდარი მოსაზრება, რომ უკრაინისთვის თვითმფრინავების მიცემა რუსეთის წითელი ხაზის გადაკვეთის ტოლფასია, რომ რუსეთის რეაქცია ამაზე იქნება არაპროპორციული და არასიმეტრიული, რომ ეს სხვა ერებსაც, ან ნატოს, ჩაითრევს ამ კონფლიქტში. რუსეთს, რა თქმა უნდა, ძალიანაც აწყობს მსგავსი განწყობები, რადგან უკანასკნელი რამ, რაც მათ ახლა სჭირდებათ, უკრაინის ცაში დასავლური თვითმფრინავების გამოჩენაა. ასე რომ, ვფიქრობ, პრინციპული კითხვა დგას ასე: თუ უკრაინას თვითმფრინავებს მივცემთ - უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთისგან რამე ახალ, ასიმეტრიულ რეაქციას კიევის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ? მე ამის არ მჯერა. განსაკუთრებით მაშინ, თუ თვითმფრინავებს უკრაინა თავდაცვითი მიზნებით, საკუთარი ცის დაცვა-კონტროლისთვის გამოიყენებს. სადაა აქ ესკალაცია? ჩვენ ვაძლევთ სუვერენულ ერს შესაძლებლობას, საკუთარი საზღვრები დაიცვას - საერთაშორისო სამართლის გადმოსახედიდან, აქ სადავო არაფერია. იგივე რიტორიკა გვესმოდა ტანკებთან მიმართებაშიც - თავიდან ტანკებიც წითელ ხაზად აღიქმებოდა, ნაბიჯად, რომელიც ამ ომში ზედმეტად შეტოპვას უდრიდა. მაგრამ ეს შუშის ბარიერი დავამსხვრიეთ.

რადიო თავისუფლება: ტანკების სცენარის მიხედვით, დასავლეთმა თვითმფრინავებზეც ჯერ ფეხი უნდა ითრიოს და ბოლოს თანხმობა თქვას. მოსალოდნელია ასეთი სცენარი?

გრეგ ბეგველი: ვფიქრობ, აქაც ჯერ გარკვეული მოვლენების მოწმენი გავხდებით, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს საკმარის ზეწოლასთან, რომელიც აუცილებელია თვითმფრინავების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. აქვე გასათვალისწინებელია დიპლომატიური ნიუანსებიც იმის თაობაზე, რისი გაჩუქებაა შესაძლებელი და რისი არა. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც ვემხრობი უშუალოდ F-16-ების გადაცემას, არის ის, რომ ეს თვითმფრინავები რამდენიმე ქვეყანას აქვს არსენალში და აუცილებელი არაა, ამერიკამ მისცეს თავისი F-16-ები უკრაინას, მათ უბრალოდ მწვანე შუქი უნდა აუნთონ სხვებს. შესაძლოა, ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ თუ ამერიკა და პრეზიდენტი ბაიდენი პირადად არ გადასცემენ თვითმფრინავებს უკრაინას, ამით შესაძლოა ზედმეტი ესკალაცია თავიდან აირიდონ, რომ ეს ნაბიჯი ისე არ „იყვირებს“. სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოგვიწევს დრო ასეთ დიპლომატიურ-პოლიტიკურ ცეკვა-თამაშზე დავკარგოთ, სანამ მივადგებით წერტილს, როდესაც ყველა იტყვის: ოკეი, მოდით, გავაკეთოთ ეს, მივცეთ თვითმფრინავები უკრაინას. იმედი მაქვს, მივალთ აქამდე. მაგრამ... აი, რატომ მეშლება ნერვები ამ ყველაფერზე: ტანკები უკვე გაუდგნენ გზას უკრაინისაკენ - თუ გაზაფხულზე ისინი ფრონტზე გამოჩნდებიან, მოუწევთ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე იბრძოლონ. ასე რომ, უკრაინას ვეხმარებით ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, იმის ნაცვლად, რომ მივცეთ, რაც სჭირდებათ გამარჯვებისთვის. ახალ-ახალ შუშის ბარიერებს ვიგონებთ...

რადიო თავისუფლება: სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის, რომ დასავლეთი უკრაინას აძლევს საკმარისს, რათა მან ამ ომში არ წააგოს, მაგრამ არც იმდენს, რომ ომში გამარჯვება შეძლოს.

გრეგ ბეგველი: სწორედ ასეა, მეც ვწერდი ამაზე. ვფიქრობ, ეს დიდი საფრთხის შემცველია. მოდით, ვიყოთ გულწრფელები: კი, ყველას გვინდა, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს. რა თქმა უნდა, რუსების გარდა. არავის უნდა რუსეთის გამარჯვება, მაგრამ ჩვენს თავებს ვკითხოთ - რამდენად გვინდა უკრაინის გამარჯვება? მე პირადად მინდა, უკრაინამ გაიმარჯვოს, არწაგება შესაძლოა საკმარისი გამოდგეს პუტინისთვის პრობლემების შესაქმნელად, რეჟიმის შესაცვლელადაც და ა.შ. მაგრამ ამის ფასად უკრაინელების სიცოცხლის გადახდა ჩემთვის მორალურად ძნელი მისაღებია. ეს ხალხი ფიქრობს, რომ თუ ასე, წვეთ-წვეთობით „გამოვკვებავთ“ უკრაინას, ისინი არ წააგებენ, მაგრამ ვერც მოიგებენ და ამასობაში, „რამე იქნება“ და როგორმე გადაიჭრება ეს კონფლიქტი. ეს, რბილად რომ ვთქვა, ერთობ უცნაური გზაა ომისა აგრესორის წინააღმდეგ, რომელმაც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა დაარღვია... მე მიჭირს ამ პოზიციის გამართლება.

ტანკები უკვე გაუდგნენ გზას უკრაინისაკენ - თუ გაზაფხულზე ისინი ფრონტზე გამოჩნდებიან, მოუწევთ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე იბრძოლონ. ასე რომ, უკრაინას ვეხმარებით ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, იმის ნაცვლად, რომ მივცეთ, რაც სჭირდებათ გამარჯვებისთვის.

რადიო თავისუფლება: დავუბრუნდეთ საბრძოლო თვითმფრინავების თემას - ახსენეთ, რომ აშშ-მა შესაძლოა სხვა ქვეყნებს მისცეს უფლება, ასე ვთქვათ, მწვანე შუქი აუნთოს უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე. მაგრამ გავიხსენოთ, ისევ და ისევ, ტანკების ისტორია: გერმანია მანამ ჯიუტობდა, არ სურდა „ლეოპარდ 2“-ების გაგზავნა, სანამ ამერიკაც არ გააგზავნიდა „აბრამსებს“. საბოლოოდ ასეც მოხდა. ხომ არ ვიხილავთ იმავე რიტორიკას აქაც - დანიასა და ნიდერლანდებთან მიმართებით? შესაძლოა ისინიც, გერმანიის მსგავსად, შიშობენ და არ სურთ, მარტო იწვნიონ რუსეთის რისხვა...

გრეგ ბეგველი: დიახ, რა თქმა უნდა, ასეთი რისკი არსებობს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ამერიკას, შესაძლოა, მაინც მოუწიოს ეს დიდი პასუხისმგებლობა იტვირთოს, თავადაც გახდეს დონორი და ამით სხვა ერებს მაგალითი მისცეს, მხნეობა შემატოს. მხოლოდ მწვანე შუქის ანთება შესაძლოა არ გამოდგეს საკმარისი. როდესაც თვითმფრინავების მიცემაზე ჰკითხეს, ბაიდენის მოკლე და სწრაფი პასუხი იყო: არა! მე მყარად მწამს, რომ მტერს არასდროს უნდა უთხრა, რას აპირებ და რას არა. ჯობია იმარჩიელოს და თავი იმტვრიოს იმაზე, რას გააკეთებ. ასე რომ, იმის გამოცხადება, რომ ამას არ გააკეთებ, დაახლოებით იმას უდრის, ჭადრაკის პარტიაში, მოწინააღმდეგეს შენი შემდეგი სვლები წინასწარ გამოუცხადო... რატომ უნდა მოგინდეს ამის გაკეთება? ასე რომ, ვფიქრობ, დიპლომატიური ლაფსუსები გვაქვს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გავალთ ფონს.

რადიო თავისუფლება: მათგან, ვინც უკრაინისთვის თვითმფრინავების მიცემას ეწინააღმდეგება, ხშირად ისმის ორი არგუმენტი - წვრთნებისა და ლოგისტიკის შესახებ, რომ ეს სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომ ამას დრო სჭირდება... მაინც რა დრო დასჭირდებოდათ უკრაინელ პილოტებს F-16-ის სამართავად?

გრეგ ბეგველი: თუ უკვე სამხედრო მფრინავი ხარ და ვთქვათ, უკვე გაქვს MiG-29-ით ბრძოლის გამოცდილება - აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინას დღეს ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ბრძოლით გამოცდილი პილოტები ჰყავს, არც ჩვენ და არც მათ რაოდენობაზე არ უნდა ილაპარაკონ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საკმარისი რაოდენობით - ამ კალიბრის პილოტი ახალ თვითმფრინავზე გადაჯდომას, თან იმის ფონზე, რომ ეს ომი ეროვნული გადარჩენის ომია, ამაზე მაღალი ფსონები არ არსებობს - მოკლედ, ვიტყოდი, რომ სწავლების საბაზისო დონისთვის 6-8 კვირამდე დასჭირდებოდათ და ეს იქნებოდა უკიდურესად აგრესიული, მაღალი ინტენსივობის წვრთნები, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელები ამას თავს გაართმევენ. ვფიქრობ, ეს ვირტუალური რეალობის სიმულაციებით შესაძლებელია. რადარის გამოყენება, სროლა, სამიზნის შერჩევა - ამას მეტი დრო, მეტი პრაქტიკა სჭირდება, მაგრამ ამის ათვისებაცაა შესაძლებელი შედარებით სწრაფად.

შედარებით უფრო რთულია თვითმფრინავების მომსახურე პერსონალის მომზადება - როგორ ამყოფონ ხომალდები მზად ბრძოლისთვის, როგორ შეაიარაღონ, რასაც დრო მიაქვს, მაგრამ ისევ და ისევ, კვანტურ ფიზიკაზე არ ვსაუბრობთ. შესაძლებელია დისტანციური ინსტრუქტაჟიც - უკრაინელი ხელოსანი უკრაინაში იჯდება, თავზე კამერით, მითითებებს კი, ვთქვათ, ბრიტანეთიდან მისცემენ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი - ლოგისტიკისა და წვრთნების სირთულის მომიზეზება, სხვა არაფერია, თუ არა ხელსაყრელი საბაბი, რომ უკრაინისთვის ამ თვითმფრინავების მიწოდებაზე უარი თქვან. ომი უკვე ერთი წელია, გრძელდება, თავიდანვე რომ მიგვეცა თვითმფრინავები, უკრაინელებს ახლა ორჯერ ექნებოდათ სასწავლო კურსი გავლილი. ასე რომ, მოდით, შევეშვათ მიზეზების ძიებას და სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. სიმართლე კი ისაა, რომ გამბედაობა არ გვყოფნის იმის გასაკეთებლად, რაც სწორია. ვკითხოთ ჩვენს თავს, როდის მოვიკრებთ საკმარის მხნეობას ამის გასაკეთებლად და წვრთნების თემაც აღარ იქნება „პრობლემური“. ბოლოს და ბოლოს, თუ უკრაინელები რამდენიმე თვეში სამი სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტანკის მართვის სწავლას ახერხებენ, როგორმე F-16-ის მართვასაც აითვისებენ.

რადიო თავისუფლება: მთავარ კითხვებსაც მივადექით - რამდენად გადამწყვეტი იქნებოდა ფრონტზე დასავლური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების გამოჩენა და მეორე - შეუძლიათ თუ არა უკრაინელებს, თვითმფრინავების გარეშეც გავიდნენ ფონს?

გრეგ ბეგველი: მეორე კითხვით დავიწყებ. ყველანი მოწმე ვართ იმისა, რომ უკრაინა დიადი ერია - საუბარია არა მხოლოდ გამძლეობასა და მხნეობაზე, არამედ იმ გამჭრიახობაზეც, რომლის წყალობითაც მათ შეძლეს გამკლავებოდნენ ბევრად უფრო დიდ, მრავალრიცხოვან და სამხედრო თვალთახედვით, ძლევამოსილ ქვეყანას. ეს წარმოუდგენელია. და გარკვეულწილად, უკრაინას საკუთარი წარმატებები დათვურ სამსახურს უწევს - იმის ნაცვლად, რომ გავიაზროთ, თუ რამხელა განსაცდელის წინაშე დგანან ისინი, რა მძიმე პირობებში უწევთ ბრძოლა, ამის ნაცვლად გვესმის, ვკითხულობთ უკრაინის წარმატებების შესახებ და ვასკვნით: აჰა, ეტყობა ყველაფერი კარგადაა. დიახ, უკრაინამ მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათზე წნეხი შემცირდა, რომ საფრთხე აღარ ემუქრებათ. მათ მართლა შეძლეს საკმაოდ კარგად გამკლავებოდნენ რუსეთის საჰაერო ძალებს, იმის გათვალისწინებით, რომ შორი მანძილის რაკეტების ნეიტრალიზება რთულია და ამას ისინი აკეთებდნენ არა საჰაერო სისტემების, არამედ მიწა-ჰაერი სისტემების გამოყენებით. ასე რომ, დიახ, მე მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა ყველანაირი სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს, თუნდაც თვითმფრინავების გარეშეც - მაგრამ თან არ მინდა ამის თქმა, არ მინდა, ხალხმა იფიქროს, რომ არაფერი დაშავდება, თუ უკრაინას თვითმფრინავებს არ მივცემთ. თუ მაქსიმალურად არ დავეხმარებით, რისკი იმისა, რომ უკრაინა დამარცხდება, ისევ მაღალი დარჩება.

ბოლოს და ბოლოს, თუ უკრაინელები რამდენიმე თვეში სამი სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტანკის მართვის სწავლას ახერხებენ, როგორმე F-16-ის მართვასაც აითვისებენ.

რადიო თავისუფლება: რამდენად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინისთვის დასავლეთის უარი მოიერიშეებთან დაკავშირებით გაზაფხულზე დაგეგმილი კონტრიერიშისას?

გრეგ ბეგველი: ამ კითხვაზე პასუხს ორი განზომილება აქვს: სამხედრო და, მე ვიტყოდი, უფრო მაღლა მდგომი - მორალური კომპონენტი. თუ დასავლეთი გადაწყვეტს, რომ საქმე ტანკებით მორჩა - ამაზე შორს აღარ წავალთ, ეს იქნება სიგნალი უკრაინისთვის, რომელიც პირველ რიგში, მიანიშნებს ჩვენს გაუბედაობასა და სისუსტეზე, მეორე მხრივ კი, უკრაინის დემორალიზებას გამოიწვევს: „რაღაცებით დაგეხმარებით, მაგრამ ვერ მოგცემთ ყველაფერს, რისი მოცემაც შეგვიძლია“. ეს იქნებოდა მკაფიო სიგნალი რუსეთისთვისაც: რომ წითელი ხაზი მართლა არსებობს. და თუ პუტინი „მოგვაწვება“, ჩვენ უკან დავიხევთ, პოზიციებს დავთმობთ. თვითმფრინავების გადაცემით კი ვაგზავნით სულ სხვა სიგნალს: პირველი: ვამხნევებთ უკრაინას, და მეორე - აქედანვე შემიძლია დაგპირდეთ, რომ რუსეთი დაშინდება. ისინი ისედაც უკვე ვეღარ ახერხებენ ხშირ საჰაერო შეტევებს უკრაინაზე, მაგრამ თუ უკრაინელებს არსენალში ექნებათ AIM-120 AMRAAM-ით (საშუალო მანძილის ჰაერი-ჰაერი ჭურვი) აღჭურვილი F-16-ები, ალბათ ძნელად თუღა მოვკრავთ რუსებს თვალს უკრაინის ცაზე. ეს შეცვლის რუსების ქცევას ჰაერში. რა თქმა უნდა, შორიდან რაკეტების სროლას არ მოიშლიან - S-400-ებს ეს არ გააჩერებს. მაგრამ ეს რუსებს ახალ თავსატეხს გაუჩენს - ისედაც ნერვიულობენ და დაბლა დაფრინავენ და ახლა მოუწევთ, დაფიქრდნენ, საერთოდ ღირს თუ არა საჰაერო დუელი უკრაინის ცაში. ეს იქნება ძლიერი, მკაფიო სიგნალი რუსებისთვის: დასავლეთი უკან არ დაიხევს, თავს არ შეიბოჭავს - ჩვენ გვსურს, უკრაინამ გაიმარჯვოს და არა უბრალოდ არ წააგოს. და თუ ასე გააგრძელებთ, საბოლოოდ მოგიწევთ დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიისა და აღჭურვილობის სრულ ძალას შეებათ, და ჩვენ ყველაფერი გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე თქვენ. ეს არის გზავნილი პუტინისთვის: თუ ჭკუას არ მოეგები, წააგებ, და როცა წააგებ, იმდენად სუსტი იქნები, რომ მოგიწევს ხელისუფლებას გამოეთხოვო. რუსეთი კი ვეღარ შეძლებს თავის მუქარა-შანტაჟზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას. აი, ეს არის ის მორალური კომპონენტი, რომელზეც ვსაუბრობდი. და ამის მისაღწევად, ამ თვითმფრინავებს ფრენაც კი არ სჭირდებათ, ფრენა და ბრძოლა უკვე ამ ისტორიის სხვა ქვეთავია. თავად ის ფაქტი, რომ უკრაინას თვითმფრინავებს მივცემთ, მრავლისმეტყველია.

პუტინი იძულებული იქნება, თავის ე.წ. მოკავშირეებს გამოუტყდეს, რომ დასავლურ საჰაერო ძალასთან რუსული უშანსოდაა.

რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს - F-16 ძლიერი პლატფორმაა, აქვს კარგი რადარი, შეუძლია გაცილებით მაღლა ფრენა, ვიდრე ამას აღიქვამს რუსული ბგერითი სისტემების უმეტესობა, ძალიან მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით. მას აქვს რადარზე მიბმული შეიარაღების სისტემა, რომელსაც შეუძლია რუსული სამხედრო ავიაფლოტის უმეტესობასთან გამკლავება გაცილებით ადრე, ვიდრე ეს უკანასკნელნი შეტევისთვის მოემზადებიან. მე მიბრძოლია F-16-ის წინააღმდეგ, და რამდენჯერმე მიფრენია მისით. ის პაწაწკინტელაა, ძნელი შესამჩნევია რადარზე, ცაში კიდევ უფრო რთულია მისი შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით. ტყუილად კი არ ეძახიან ასპიტს. მე რომ რუსი პილოტი ვიყო, 100-საათიანი საწვრთნელი გამოცდილებით - ისედაც ხომ ცოტას ვნერვიულობ, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, მუშაობს თუ არა ჩემი შეიარაღება, ვინაიდან მათი გამოცდის უფლება არ მომცეს - გულწრფელად გეტყვით, ალბათ შიშისაგან სულს გავაცხებდი ჰაერში აფრენამდე იმის ფიქრით, რომ იქ შეიძლებოდა F-16 დამხვედროდა... ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთის საჰაერო ძლევამოსილებას, უკრაინის ცა კიდევ უფრო სახიფათო გახდება მათთვის, ეს კი, თავის მხრივ, უკრაინას ჯერ სულის მოთქმის საშუალებას მისცემს, და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება კომბინირებული სამხედრო ოპერაციების გამართვა, სადაც საჰაერო კომპონენტი თავის როლს შეასრულებს - ამრიგად, უკრაინელები გამოიყენებენ თავიანთ „ჰაიმარსებს“, ტანკებს, ყველაფერს, რაც გააჩნიათ, და თან ისე, რომ არ ინერვიულებენ იმაზე, თუ რა ხდება მათ თავს ზემოთ, ჰაერში. ამ ორი კომპონენტის კომბინაცია ძალიან ეფექტიანი იქნება. დავუმატოთ ამას ის ფაქტიც, რომ პუტინი იძულებული იქნება, თავის ე.წ. მოკავშირეებს გამოუტყდეს, რომ დასავლურ საჰაერო ძალასთან რუსული უშანსოდაა, ისევე როგორც დასავლური ტანკი ბევრად ჯაბნის რუსულ ვიზავის. და ეს ამბავი მთელ რუსის ჯარს ტალღასავით გადაუვლის - რომ არმიას და საჰაერო ძალებს აღარ აქვთ საკუთარი აღჭურვილობის იმედი. ასე რომ, ამ ყველაფერს უდიდესი გავლენა აქვს, ეს გავლენა ბევრად უფრო შორსმიმავალია, ვიდრე უბრალოდ საჰაერო ტაქტიკური მანევრები.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG