Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესებუას ნათესავი: არ ვიცი, როგორ მოვიდა, ღამე იყო, ჩვენ ვიწექით


ბადრი ესებუას ნათესავი, ომიანე ჯიქია
ბადრი ესებუას ნათესავი, ომიანე ჯიქია

ბადრი ესებუას ნათესავი, ომიანე ჯიქია, რომლის სახლში დააკავეს "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილი, ამბობს, რომ არ იცის, როგორ შევიდა მათთან ბრალდებული. მისი თქმით, ესებუა მისი ძმის შვილიშვილია.

ჯიქია გუშინ, 8 თებერვალს პოლიციამაც გამოკითხა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა.

"არ ვიცი, როგორ მოვიდა, ღამე იყო, ჩვენ ვიწექით, ჩემი ცოლი, მე და ჩემი ბავშვი, არაფერი არ უკითხია", - ეუბნება ჯიქია ჟურნალისტებს. იგი, ასევე აზუსტებს: "რომ მოვიდნენ [პოლიციელები], მერე შევიდნენ და დაიჭირეს, მე ვიწექი. მგონი, 5:00 საათი იყო. არც ლაპარაკით, არაფრით [შეხება არ მქონია]. [პოლიციაში მკითხეს] როგორი იყო შენი ნათესავი? რა? რის გამოო? და ყველაფერი ვუთხარი, ყველაფერი ჩაიწერეს".

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლი ოჯახის ნათესავს, ომიანე ჯიქიას ეკუთვნის.

შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

ადვოკატის ცნობით, ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს:

„თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია”.

რაც შეეხება მიმალვის მიზეზს, ჯანაშიას სიტყვებით, რადგან „საქართველოს ბანკის” თავდასხმის საქმეზე გაჟღერდა ბადრი ესებუას სახელი, იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო.

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

XS
SM
MD
LG