Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სანდუმ მოლდოვის პრემიერ-მინისტრად დორინ რეჩანი დანიშნა


დორინ რეჩანი
დორინ რეჩანი

მოლდოვის პრემიერ-მინისტრ, ნატალია გავრილიცას გადადგომიდან რამდენიმე საათში ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თავისივე მრჩეველი, დორინ რეჩანი, დანიშნა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად.


„ქვეყნის ეკონომიკა და უსაფრთხოება ახალ სისხლს საჭიროებს“, - განაცხადა მაია სანდუმ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც დორინ რეჩანთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, მმართველი პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ფრაქციის ლიდერ, იგორ გროსთან ერთად გამართა.

სანდუს თქმით, ახალი კაბინეტის მთავარი ამოცანა იქნება მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური ზრდა. „2023 წელს რეკონსტრუქციის წელი იქნება“, - განაცხადა მაია სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატალია გავრილიცას, რომელმაც პარასკევს განაცხადა, რომ 18 თვიანი მოღვაწეობის შემდეგ თანამდებობას ტოვებს, რაც კონსტიტუციის თანახმად, მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას იწვევს.

გავრილიცას გადადგომას მოლდავური მედია მმართველი პარტიის შიგნით მიმდინარე ფრაქციულ ბრძოლას უკავშირებს.

მოლდოვის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ნატალია გავრილიცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის აგვისტოს წარადგინა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომლის მიერ დაარსებული „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტია 101-მანდატიან პარლამენტში, უმრავლესობას 63 მანდატს ფლობს და მომავალი მთავრობის შემადგენლობის დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოში საჭირო ხმების მიღება არ გაუჭირდება.

48 წლის დორინ რეჩანს მოლდოვის მთავრობაში სხვადასხვა პერიოდში მუშაობის საკმაო გამოცდილება ქვს. მოლდოვის ეკონომიკის აკადემიის კურსდამთავრებული 2010 წელს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2012 წლიდან 2014 წლამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და გახდა პირველი სამოქალაქო პირი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. ის იგივე თანამდებობაზე დარჩა პრემიერ-მინისტრ იურე ლეანკას მთავრობაშიც.

2015 წლიდან დორინ რეჩანი პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა და როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, კონსალტინგით იყო დაკავებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში. 2022 წლის თებერვალში მაია სანდუმ დორინ რეჩანი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პრეზიდენტის მრჩევლად და ამავე დროს უმაღლესი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.

XS
SM
MD
LG