Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატარა სულთანი


ავტორი: ზურა ჩორჯელი

ფლობდა რა 16 ენას, ის მე-17, ბალმონტის ენაზე წერდა. მარინა ცვეტაევას ეს სიტყვები კონსტანტინე ბალმონტს ეხება, რომელმაც სიცოცხლის 75 წლის მანძილზე საოცრად ბევრი შეძლო, როგორც ორიგინალურმა პოეტმა, მთარგმნელმა, ესეისტმა და ლიტერატურის ისტორიკოსმა.

1914 წელს საქართველოში ჩამოვიდა. დიდი პატივით დახვდნენ. ბალმონტმა დაიწყო ქართული ენის შესწავლა და ვეფხისტყაოსნის თარგმნა. ის წერდა: „ვეფხისტყაოსანი არის სიბრძნის და პოეზიის უიშვიათესი ნაზავი, სიყვარულისა და მეგობრობის საუკეთესო ჰიმნი… სიყვარული გრძნობაა, რომლითაც იზომება სიდიადე ნაციის. რაც უფრო დიდია ძალა, რომელიც ერმა ჩადო თავისი მგოსნის სულში, მით უფრო კეთილშობილია, მით უფრო ამაღლებულია ხალხი. რიცხვით ქართველები ცოტანი არიან, მაგრამ რუსთაველის მოცემით შეიქმნენ დიდებულ ერად...“

თუკი ბალმონტმა, სულით ხორცამდე რუსმა, საქართველოს შეყვარება შეძლო, წარმოიდგინეთ როგორ უყვარდა საკუთარი სამშობლო - რუსეთი. ის აქტიური ადამიანი იყო. ვერ ეგუებოდა უსამართლობას. თვლიდა, რომ თვითმპყრობელობა ქვეყნის განვითარებას აფერხებდა. პოლიტიკური შეხედულებების გამო გიმნაზიიდან გარიცხეს, შემდეგ უნივერსიტეტიდანაც. 1911 წელს დაწერა ლექსი „პატარა სულთანი“, რომელიც ძალზე პოპულარული გახდა. სამწუხაროდ პროფესიონალის თარგმანი ვერ მოვიძიე. ასე იწყება:

ეს იყო თურქეთში, სადაც სინდისი ცარიელი სიტყვაა.

იქ მეფობს მუშტი, მათრახი, იატაგანი,

ორი - სამი ნოლი, ოთხი არამზადა

და პატარა, ბრიყვი სულთანი...

ლექსი უდავოდ რუსეთს ეხებოდა და პატარა სულთანში იმპერატორი ნიკოლოზ მეორე იგულისხმებოდა. პოეტს 3 წლით აეკრძალა ცხოვრება დედაქალაქში და საუნივერსიტეტო ქალაქებში. სიბრიყვე! თითქოს სოფელში ვერ დაწერდა და სტუდენტები ქალაქში ვერ წაიკითხავდნენ მის ლექსებს. შემდეგ მოყვა სიბრიყვეების კასკადი - ომი, ორი რევოლუცია, სამოქალაქო ომი, მილიონობით მსხვერპლი. და ბოლოს - სარდაფში, ოჯახთან ერთად დახვრეტილი ძლევამოსილი იმპერატორი.

100 წელზე მეტი გავიდა. რუსეთს კვლავ ერთპიროვნული მმართველი ყავს. ჯერ კიდევ არაიმპერატორი (თუმცა დავაცადოთ). ოპოზიცია განადგურებულია. ნაწილი მიწაშია, ნაწილი ციხეში. თითქოს ნავალნის ან იაშინს თუ კარცერში სულს ამოხდიან, ამით ის პრობლემები მოგვარდება, რაზედაც ისინი საუბრობენ. უკვე წელიწადია სამარცხვინო ომი მიმდინარეობს. მოსკოვი ბომბავს კიევს. ამას სიბრიყვესაც ვეღარ დაარქმევ.

იდეოლოგიური ნამცხვარიც გამომცხვარია. დუგინს, რომელიც სოკრატესავით ფეხშიშველა კი არ დადის, უნივერსიტეტის პროფესორია და მისი სახელმძღვანელოებით რუსეთის გენერალური შტაბის აკადემიაში ასწავლიან, აქვს 534 გვერდიანი ნაშრომი „მრავალპოლუსიანი მსოფლიოს თეორია.“ მისი დეტალური განხილვა შორს წაგვიყვანს. რამოდენიმე ძირითად პოსტულატს მოვიყვან:

1.მრავალპოლუსიანი მსოფლიო დაჟინებით მოითხოვს რამდენიმე დამოუკიდებელი და სუვერენული ცენტრის არსებობას, რომლებიც გლობალურ გადაწყვეტილებებს იღებენ პლანეტის მაშტაბით.

2.ეს ცენტრები სათანადოდ უნდა იყვნენ აღჭურვილნი, რათა მატერიალურ დონეზე უზრუნველყონ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა... ეს მოთხოვნა გულისხმობს შესაძლებლობას წინაღუდგეს აშშ-ს და ნატო-ს მატერიალურ და სამხედრო სტრატეგიულ ჰეგემონიას.

3.ამ ცენტრებისთვის არ არის აუცილებელი დასავლური ნორმატივების და ღირებულებების აღიარება. როგორიცაა დემოკრატია, ლიბერალიზმი, ადამიანის უფლებები, თავისუფალი ბაზარი, პარლამენტარიზმი და აშ. მათ შეუძლიათ იყვნენ სრულიად დამოუკიდებელი დასავლეთის სულიერი ჰეგემონიისგან.

4.მრავალპოლუსიანი მსოფლიო სერიოზულად არ განიხილავს დღეს არსებულ ნაციონალური სახელმწიფოების სუვერენიტეტს, ვინაიდან ის მხოლოდ იურიდიულ დონეზეა დეკლარირებული და არ არის დადასტურებული საკმარისი ძალოვანი, სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალით...

რა უნდა ვთქვა? ტაში თქვენ! რომელ საუკუნეში გვაბრუნებთ? რას გვთავაზობთ? უარი ვთქვათ კაცობრიობის მონაპოვარზე - დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, პარლამენტარიზმზე, ლიბერალიზმზე და აღვადგინოთ კოლონიალიზმი, მონობა, იმპერატორები, ფიურერები, საკონცენტრაციო ბანაკები და ა.შ. ეს ყველაფერი წინა საუკუნეში უკვე იყო. ერთმა ბელადმა ბუნკერში მოიკლა თავი, მეორე - დახვრიტეს და თავდაყირა ეკიდა ვიდრე არ აყროლდა. ცუდად ამთავრებენ ბელადები.

უნიჭიერესი კაცი იყო ბალმონტი. დუგინის 534 გვერდიანი „უსერიოზულესი“ დოქტრინა ერთ სტროფში ჩაატია.

სკოლაში გვასწავლეს, რომ დედამიწას მხოლოდ ორი პოლუსი აქვს. კაცობრიობასაც ორი პოლუსი აქვს. ერთ პოლუსზეა ადამიანის უფლებები, დემოკრატია, პარლამენტარიზმი, ინდივიდუალიზმი, კანონის უზენაესობა, მცირე სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემა, ლიბერალიზმი და ა.შ. ანუ სიკეთე. ხოლო მეორე პოლუსზე ეს ყველაფერი არ არის. ანუ ბოროტებაა. რამდენი მრავალგვერდიანი ნაშრომიც არ უნდა დაიწეროს, ეს მარტივი ჭეშმარიტება არ შეიცლება და ბოროტება სიკეთე ვერ გახდება.

სულთანიზმი, ანუ ავტორიტარიზმი ჭირივით გადამდები სენია. პატარა სულთანს გარშემო უფრო პატარა სულთანები ჭირდება, დუგინის აზრით „არასერიოზული სახელმწიფოების“ სამართავად. მაგალითად: უკრაინაში - მედვედჩუკი, საქართველოში - ხუბუტია, მოლდოვაში - შორი და ა.შ. გვარები რა თქმა უნდა პირობითია და პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს.

ჭირისგან განკურნება მხოლოდ ჰიგიენის ნორმების დაცვით შეიძლება. რა ფერისაც არ უნდა იყოს ავტორიტარიზმი, მისი წამალი მხოლოდ დემოკრატიაა. არსებითი განსხვავება აქ ისაა, რომ თვითონ სისტემას არ სურს და არ შეუძლია თვითგანკურნება. დარწმუნება, საუბრები, დისკუსიები აქ უშედეგოა. 2500 წლის წინ პლატონი სამჯერ იყო ჩასული სიცილიაში ტირან დიონისესთან, საუბრებით გასაკეთილშობილებლად. ერთხელ მამასთან, ორჯერ შვილთან. სამივეჯერ ძლივს გამოასწრო ცოცხალმა. ავტორიტარი მმართველი მხოლოდ ძალას აღიარებს არგუმენტად და არა სიტყვას.

კარგია, რომ ცივილიზებულმა მსოფლიომ ეს გააცნობიერა და უკრაინის გვერდით დგას, ვინაიდან ორ პოლუსს შორის ფრონტის ხაზი დღეს უკრაინაზე გადის. თვითმფრინავები და ტანკები კი არა, ატომური ბომბი მიცენ ის დროა. წელიწადია ეს ღირსეული ხალხი უზომო სიმამაცით ებრძვის უზარმაზარ სამხედრო მანქანას. უკვე გამარჯვებულია!

დარწმუნებული ვარ უკრაინა სულ მალე აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას და იქნება დემოკრატიული, ძლიერი და საამაყო ქვეყანა, ხოლო რუსეთის ისტორიაში ეს ომი ჩაეწერება როგორც სამარცხვინო ფურცელი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG