Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ გლდანის ციხეში წამების საქმეზე დარღვევა დაადგინა


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი აკაკი ოჩიგავა, რომელიც 2011 წლიდან 2014 წლამდე სასჯელს იხდიდა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე.

გადაწყვეტილებაში, რომელიც გუშინ, 2023 წლის 16 თებერვალს გახდა ცნობილი და საქართველოს ხელისუფლებას 20 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ასევე საუბარია, რომ დანაშაული სახელმწიფომ ეფექტიანად არ გამოიძია.

მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია European Human Rights Advocacy Centre-თან ერთად იცავდა.

საია სასამართლოს გადაწყვეტილებაში რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • "იგი იყო სისტემურად არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან, რაც გამოიხატებოდა როგორც მის სასტიკად ცემაში (რის შედეგადაც მომჩივანს არა ერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა), ასევე, სამარტოო საკანში მოთავსებაში";
  • "მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, მომჩივნის მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით 7 ადამიანი გასამართლდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა გამოძიების გაჭიანურებულ ვადებსა და ხარვეზებს. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მაშინ როდესაც მომჩივანმა 2012 წლის ოქტომბერში განაცხადა არასათანადო მოპყრობის შესახებ, ეროვნულ მექანიზმებს ხუთ წელზე მეტი დასჭირდა დამნაშავე პირების გამოვლენისთვის".
  • "სასამართლოს შეფასებით, 2012-2016 წლებში საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეულ უმოქმედობას, და უფრო მეტიც, მომჩივანს დაუსაბუთებლად არ ჰქონდა მსხვერპლის (დაზარალებულის) სტატუსი, რაც ხელს უშლიდა გამოძიებაში მის ჩართულობას".
  • "სასამართლოს თქმით, “დაგვიანებული მართლმსაჯულება უარყოფილი მართლმსაჯულების ტოლფასია” (“justice delayed is often justice denied”)";
  • "დამატებით სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიებას არ გამოუკვლევია რამდენიმე ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც მომჩივანს არასათანადოდ მოეპყრნენ, აგრეთვე არ დადგენილა რამდენიმე პირი, ვის ჩართულობაზეც მომჩივანი მიუთითებდა".

საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. უწყების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ "2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა".

"ამ არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების მორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათთან თანამშრომლობის იძულება. მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოდასახელებული ფორმები საკუთარ თავზე გამოსცადა. ამასთან, 2011 წლის ნოემბერში მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლებმა იგი საშხაპე ოთახში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომჩივანს ცემის გამო დაუკარგავს გონება, გონზე მოსვლის შემდეგ კი, თავი აღმოუჩენია ციხის მორგში მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვულს, გარდაცვლილებს შორის", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

ციხეში პატიმრებზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოების დიდმა ნაწილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაიგო. იმ დროს ოპოზიციურად განწყობილმა არხებმა გაავრცელეს ციხეში ფარულად გადაღებული კადრები, რომლებშიც ასახული იყო პატიმრების მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა. კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო მრავალათასიანი აქციები. 2012 წელს უმრავლესობა დაკარგა ხელისუფლებაში მყოფმა პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ", არჩევნები პარტია "ქართულმა ოცნებამ" მოიგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG