Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა სავარაუდოდ ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად


სარაკეტო იერიშის შედეგები დამასკის ცენტრალურ რაიონში. 2023 წ. 19 თებერვალი.
სარაკეტო იერიშის შედეგები დამასკის ცენტრალურ რაიონში. 2023 წ. 19 თებერვალი.

მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა წუხელ სირიის დედაქალაქ დამასკზე განხორციელებული იერიშის შედეგად. ამის შესახებ იტყობინებიან სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA და სირიის თავდაცვის სამინისტრო.

სირიის მხარე აცხადებს, რომ იერიში ისრაელის არმიამ განახორციელა გოლანის მაღლობებიდან. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რაკეტების უდიდესი ნაწილი ჩამოაგდეს, მაგრამ რამდენიმე მათგანი საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა.

Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთი ჭურვი ჩამოვარდა დამასკის ცენტრალურ რაიონში, უსაფრთხოების კომპლექსთან, რომლის შესახებაც დეტალებს არ იტყობინებიან.

The Guardian-ი წერს, რომ რაკეტა ჩამოვარდა ირანის კულტურის ცენტრის გვერდით.

სირიის ოპოზიციურმა მედიასაშუალება Orient News-მა განაცხადა, რომ დარტყმები განხორციელდა ირანის გასამხედროებული დაჯგუფების წარმომადგენლებზე დამასკის რაიონ კაფარ-სუსაში მდებარე სკოლის შენობაში. ამის შესახებ The Times of Israel-ი იტყობინება. Orient News-ის ცნობით, ისრაელის თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ირანისა და სირიის სამხედრო ობიექტებზე დამასკის საერთაშორისო აეროპორტთან, სირიის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე გარეუბანში.

როგორც წესი, ისრაელის არმია კომენტარს არ აკეთებს კონკრეტულ დარტყმებზე, მაგრამ ადრე უღიარებია იერიშები სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ. ისრაელის სამხედროები ასევე აცხადებდნენ ხოლმე, რომ იერიშებს ახორციელებენ იარაღის პარტიებზე, რომლებიც ლიბანის რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლისთვის“ იყო განკუთვნილი, იხსენებს The Times of Israel-ი.

ისრაელის წარმომადგენლები ირანს ასევე ადანაშაულებდნენ სირიელი ჯიჰადისტებისთვის იარაღის მიწოდებაში და ამას ახლახან მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული დახმარებით ნიღბავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG