Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ჯავის რაიონში ზვავის ქვეშ ავტომანქანა მოექცა


ცხინვალის რეგიონი.
ცხინვალის რეგიონი.

20 თებერვალს მცირე ზვავი ჩამოწვა ოკუპირებულ ჯავის რაიონში, სოფელ ბაგიათასთან, რომლის ქვეშაც მგზავრებით სავსე ავტომობილი მოჰყვა. - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

„საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცენტრში გამოძახება 18:00 საათზე შემოვიდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და საგზაო სამსახური გავიდნენ, ზვავის ჩამოწოლის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან", - აცხადებენ პრესსამსახურში.

მსგავსი ინციდენტი გასული წლის მარტშიც მოხდა, როცა გზასთან ახლოს ზვავის ქვეშ რამდენიმე ავტომანქანა მოექცა. მაშინაც მგზავრების უსაფრთხოდ გამოყვანა მოხერხდა. ორშაბათს შუადღით დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა გაურკვეველი დროით დაკეტა.

საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო სამინისტროში უთხრეს, რომ ავტოტრანსპორტის გადაადგილება ორივე მიმართულებით აიკრძალა „უსაფრთხო გადაადგილება, მთაში ზვავების ჩამოწოლის დიდი ალბათობის გამო შეუძლებელია, ამიტომ გზა შემდგომ გადაწყვეტილებამდე იკეტება. გამო გზა გადაკეტილია“, - აცხადებენ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

მანამდე ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია ტრანსკავკასიური მაგისტრალის დაკეტვის შესახებ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

XS
SM
MD
LG