Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციით დაიწყო


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი „ზედმიწევნით და თანამიმდევრულად“ გადაწყვეტს იმ ამოცანებს, რომლისთვისაც ერთი წლის წინ „რუსეთის ისტორიულ მიწებზე“ სპეციალური ოპერაციის ჩატარება გადაწყდა.


„ერთი წლის წინ ჩვენ ისტორიულ მიწებზე ადამიანების დაცვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმ საფრთხის ლიკვიდაციის მიზნით, რაც 2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინაში ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარეობდა, - მიღებული იქნა გადაწყვეტილება სპეციალური ოპერაციის ჩატარების შესახებ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით და თანამიმდევრულად გადავწყვეტთ ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს“, - განაცხადა ფედერალური ასამბლეისადმი თავის მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც „დასავლური ელიტა“ და „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა უკრაინაში მიმდინარე გამანადგურებელ ომში.

ამ მიმართვას ესწრებიან რუსეთის ცენტრალური და რუსეთის რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები, ფედერაციის საბჭოს წევრები, კრემლის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ხელოვნების, კულტურის და მეცნიერების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოსაწვევები არ მიუღიათ „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხული მედიის წარმომადგენლებს.

  • 24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
  • უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე, რუსეთის არმია, უკრაინის დედაქალაქიდან ასობით კილომეტრზეა გადასროლილი, მთელი ძალებით ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე და ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებებით.
  • აშშ-მა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად გაიღეს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ახლა უკვე ტანკებსაც.
  • კიევი გაზაფხულზე შეტევას გეგმავს და, ამავე დროს, მოსკოვის თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ამიტომ, იმედოვნებს, რომ შეძლებს კოლექტიური დასავლეთის დარწმუნებას, მიაწოდოს სამხედრო თვითმფრინავები, რაც უკრაინის არმიას შემდგომ წარმატებასა და რუსული მასობრივი თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარება.
XS
SM
MD
LG