Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციომ ტელევიზიების სარჩელის მხოლოდ ერთი ნაწილი დააკმაყოფილა


საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კერძო მაუწყებლებისა ("TV პირველი", "კავკასია", "ფორმულა", "მთავარი არხი") და მოქალქეების ნაწილის (ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა, ქეთევან დევდარიანი) სარჩელი, რომელიც ეთერში "ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის" განთავსებას შეეხებოდა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 2023 წლის 22 თებერვლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლების ვალდებულებაა ეთერში არ მოხვდეს არასრულწლოვნისათვის შეუფერებელი მასალა.

მოსარჩელეების შეფასებით:

  • კანონში ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე ტერმინებით (ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია) ხდებოდა მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირება. ასევე, შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, ჩაითვლება თუ არა პროგრამა არასრულწლოვნის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისათვის, აგრეთვე მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისა და სოციალიზაციისათვის საზიანოდ;
  • კანონმდებლობა შეიცავს ცენზურის რისკს, ტელეკომპანიებს "მსუსხავი ეფექტის" გამო აიძულებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ კომუნიკაციების კომისიასთან, რომელსაც "განუსაზღვრელი შესაძლებლობების" გამო მათი სანქცირება შეუძლია;
  • მაუწყებლები განმარტავდნენ, რომ მოქმედი ნორმა განსაკუთრებით საშიში იყო პირდაპირი ეთერის დროს, როცა მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, იქნება თუ არა პროგრამაში არასრულწლოვნისათვის საფრთხის შემცველი და შეუფერებელი ინფორმაცია.

პარლამენტის წარმოამდეგნლების აზრით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან:

  • როდესაც საქმე ეხება ისეთ მოწყვლად პირთა ჯგუფს, როგორიცაა არასრულწლოვნები, ნებისმიერი შეზღუდვის გამართლების შეფასებისას უპირობოდ მნიშვნელოვანია მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;
  • კანონმდებლობაში ხისტი და ამომწურავი განმარტების შემთხვევაში სადავო ნორმა ვერ მიაღწევდა დასახულ მიზანს (ბავშვთა უფლებათა დაცვას);
  • ტელევიზიების სანქცირებაზე გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიური ორგანო - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომლის საჯარო და ზეპირ სხდომაზე მონაწილეობენ მხარეები და ექსპერტები. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სამი ინსტანციის სასამართლოში.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე:

  • საკანონმდებლო ნორმები "ვერ იქნება ინდივიდუალიზებული, დროსა და სივრცეში იზოლირებული ქცევის წესი" - "დასაშვებია, პასუხისმგებლობის დამდგენი ისეთი ზოგადი საკანონმდებლო ნორმის მიღება, რომელიც გონივრულობის ფარგლებში ექვემდებარება განმარტებას";
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სათანადო ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ინფორმირებულობის დონე, თუმცა უნდა განისაზღვროს შეზღუდვების დაწესება არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან გაუმართლებელ ჩარევა;
  • "რა ტიპის აზრის გამოთქმა და ინფორმაციის გავრცელებაა დასაშვები, ისეთი საკითხია, რომელიც სტაბილურ საკანონმდებლო გარანტიებს საჭიროებს";
  • მაუწყებლებს მსგავსი შინაარსობრივი ვალდებულება 2009 წლიდან ჰქონდათ, "რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებს უკვე ჰქონდათ პრაქტიკაში იმპლემენტაციის ხანგრძლივი გამოცდილება და ეფექტიანი თვითრეგულირების პირობებში (როგორც თავად აღნიშნავენ სარჩელში) არაერთი განხილული საქმეც უნდა არსებობდეს".

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო სარჩელის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაცემულ პროგრამას შეეხებოდა. სასამართლომ განმარტა, რომ თუ არასრულწლოვნისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/მასალის პირდაპირი ეთერით გადაცემამდე "მაუწყებელმა შესაბამის გარემოებებში სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ღონისძიების მიმართვის მიუხედავად, ვერ განჭვრიტა და არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ამგვარი მასალის ეთერში მოხვედრის შესაძლებლობა", ჯარიმა არ უნდა დაეკისროს.

სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელით ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა 2020 წლის 14 სექტემბერს მიმართეს. საქმე სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განიხილა. ამ კოლეგიის შემადგენლობაში არიან: ვასილ როინიშვილი; ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე.

XS
SM
MD
LG