Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელების 87% რუსეთთან ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია


კვლევის თანახმად, უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია
კვლევის თანახმად, უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია

უკრაინელების 87% რუსეთთან ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია, თუნდაც ამის გამო ომი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, - ასეთი შედეგი მიიღო კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა მის მიერ ჩატარებული ოციოლოგიური კვლევის შედეგად.

კვლევის თანახმად, ასევე უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია. კერძოდ, აღმოსავლეთ რეგიონში მაცხოვრებლებს შორის 82% წინააღმდეგია დათმობებზე (მზად არის მხოლოდ 13% ), ხოლო სამხრეთელებს შორის ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია გამოკითხულთ 86% (მხოლოდ 9% მზად არის).

უკრაინაში გამოკითხულთა მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად შესაძლებელია ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა.

"მძიმე კომპრომისებისთვის" ზოგადი მზაობა გამძლეობისა და ბრძოლის გაგრძელების სურვილის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. როგორც ხედავთ, რთული ზამთრის ბოლოსაც კი უკრაინელები ერთიანდებიან და მზად არიან აგრესორს კიდევ უფრო სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიონ. ჯერჯერობით, ნებისმიერი ჩანაფიქრი, რომ უკრაინელები შეელევიან მშვიდობას ტერიტორიის სანაცვლოდ, განწირულია წარუმატებლობისა და საზოგადოების მიერ უარყოფისთვის", - თქვა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონ გრუშეცკიმ კვლევის შედეგების კომენტირებისას.

გამოკითხვა ჩატარდა 14-22 თებერვალს სატელეფონო ინტერვიუებითა მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. უკრაინის ყველა რეგიონში (ყირიმის გარდა) მცხოვრები 2002 რესპონდენტი გამოიკითხა.

  • 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი სრულდება.

  • მანამდე, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, უკრაინის სამხედრო- საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ საჰაერო ძალები რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებს 23-24 თებერვალს ელიან.
  • მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში იმყოფებიან.
  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა "უკრაინსკა პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, 24 თებერვალს "მცირე სარაკეტო დარტყმას" გეგმავდეს.
XS
SM
MD
LG